logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ვემპლერი" საკუთარი სერვისის ქვეყნის ფარგლებს გატანას გეგმავს

ერთჯერადი დავალებების პლატფორმა "ვემპლერი" ( Wempler), მომავალი წლისთვის, საკუთარი სერვისის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას გეგმავს. ქართული სტარტაპი, პირველ ეტაპზე, ჩეხეთის, ბულგარეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის ბაზრებს განიხილავს.

როგორც კომპანიის  თანადამფუძნებელმა ალექსანდრე  თავხელიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, სერვისის ექსპორტამდე, სტარტაპი ქართულ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად ათვისებაზეა ორიენტირებული.

დღეს აპლიკაციაზე უკვე 5 000-ზე მეტი სერვის მიმწოდებელი და 20-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული. რაც მომხმარებელს ყველა სერვისის ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას აძლევს. მომხმარებელთა რაოდენობა კი  20 000-ს ცდება.

ცნობისთვის, "ვემპლერი" ერთჯერადი დავალებების პლატფორმაა, რომელზეც მომხმარებელი სასურველ მოთხოვნას ჩათის, ხმოვანი შეტყობინების, ან დარეკვის მეშვეობით ანთავსებს. საუბარია ისეთი დავალებების სხვაზე გადაბარებაზე, როგორებიცაა მანქანის გარეცხვა, ბავშვის სკოლიდან გამოყვანა, ძაღლის გასეირნება, ფოსტის რიგში დგომა თუ სხვ.

 აპლიკაცია ერთგვარ რჩევებსაც იძლევა და მომხმარებელს კონკრეტულ სერვისებსაც სთავაზობს. მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ კი დამკვეთს მისდის შეთავაზება და ინფორმაცია კონკრეტული საქმის შემსრულებლის რეიტინგის და პლატფორმაზე მისი წარსული გამოცდილების შესახებ. ფასებს კი იმ იშვიათ საქმეებზე, რაც მხოლოდ ვემპლერზე სრულდება და ბაზარი არ არეგულირებს, თავად საქმის შემსრულებლები ადგენენ.

გამოგვყევით