საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, EBRD-თან და MASDAR-თან არაოფიციალური შეხვედრები ჰქონდათ.
მისი განმარტებით, სამიტის ფარგლებში შეხვედრები იყო არაერთ სამთავრობო დელეგაციასთან, ასევე მნიშვნელოვან ბიზნესჯგუფებთან, რომლებიც საქართველოთი არიან დაინტერესებული.
„ჩვენც მოგვეცა საშუალება, რომ გვქონოდა შეხვედრები არაერთ სამთავრობო დელეგაციასთან და ასევე მნიშვნელოვან ბიზნესჯგუფებთან, რომლებიც საქართველოთი არიან დაინტერესებული, მათ შორის არაფორმალური შეხვედრები გვქონდა EBRD-თან, გვქონდა MASDAR-თან, რომელიც საქართველოში განახლებადი ენერგიებიდან პროექტებით არის დაინტერესებული. ეს არის საემიროების ერთ-ერთი მსხვილი სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია და ვფიქრობთ, რომ ეს განახლება ინფორმაციის ყოველთვის სასარგებლოა მიმდინარე და პერსპექტიული პროექტების წარმატებით განსახორციელებლად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მსოფლიო მთავრობათა სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერის გამოსვლა, სადაც მან საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები ძალიან საინტერესოდ გააცნო იმ აუდიტორიას, რომელიც ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია.
„ეს არის აუდიტორია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა საინვესტიციო მიმართულებით. ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები და ლიდერები ისმენდნენ საქართველოს შესახებ ყველაზე ობიექტურ ინფორმაციას იმ პროგრესის შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით და იმ მიზიდულობის შესახებ, რომელიც საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური თვალსაზრისით გააჩნია. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სასარგებლო იქნება იმისთვის, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე უკეთესი პოზიციონირება გვქონდეს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და ეს ყველაფერი უწყობდეს ხელს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ასევე ინვესტიციებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.