logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქორწილის ორგანიზებაზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა - Flowers.ge Events

ქორწილის ორგანიზებაზე მოთხოვნა, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ კომპანია Flowers.ge Events-ის თანადამფუძნებელმა და გაყიდვების მენეჯერმა სოფო გელაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებლები ადრე თუ მხოლოდ ფლორის დიზაინერების მომსახურებას ითხოვდნენ, ახლა მოთხოვნა გაზრდილია საორგანიზაციო სერვისებზეც. მათ შორის, ივენთ მენეჯერის მომსახურებაზე, რომელმაც მთელი სცენარი უნდა გაწეროს.

"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა მოთხოვნები განსხვავდება . კერძოდ, არის პერიოდი, როდესაც ძალიან აქტიურია კომპანიების კორპორატიულ ღონისძიებებზე მოთხოვნა, ახალი ბრენდის პრეზენტაციებზე მოთხოვნა, ასევე, ქორწილებსა და კერძო ღონისძიებებზე. 2024 წელი შეიძლება ითქვას, რომ კორპორატიული მიმართულებით ჩავარდა, რადგან აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები თითქმის სრულად, დაახლოებით, 80% გაუქმდა. ასევე, თუ ვინმეს ახალი ბრენდის შემოყვანა და წარდგენა სურდა, არ გაკეთდა. შესაბამისად, კორპორატიული შეკვეთების კლება დაფიქსირდა, თუმცა გაიზარდა მოთხოვნა ფიზიკური პირების მხრიდან, მათ შორის, ყველაზე მეტი მოთხოვნა ქორწილების ორგანიზებაზეა.

ჩვენი მომხმარებლების 50% ფიზიკური პირია, ხოლო 50% კორპორატიული სეგმენტი. გარდა ამისა, მომხმარებლების 10-15% უცხოელია", - აცხადებს სოფო გელაშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - Flowers.ge Events-ი მოთხოვნიდან გამომდინარე, უფრო მეტი სერვისის და ინვენტარის დამატებას გეგმავს. 

ცნობისთვის, Flowers.ge Events ბაზარზე 4 წლის წინ გამოჩნდა და მომხმარებლებს სხვადასხვა ღონისძიების სრულ ორგანიზებას სთავაზობს. მათ შორის, ღონისძიების დეკორაცია-გაფორმებას, მუსიკალურ-გასართობი პროგრამის შემუშავებას, ტექნიკურ აღჭურვილობას, სტუმრების ტრანსფერს და სხვ.

გამოგვყევით