logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

"ჩვენი პლატფორმის მეშვეობით კომპანიებმა რამდენიმე ტენდერი უკვე გამოაცხადეს" - Bid-Pilot

მშენებლობის შესყიდვების გამარტივებისთვის შექმნილი აპლიკაცია - Bid-Pilot-ი ბაზარზე, დაახლოებით, 2 თვის წინ გამოჩნდა. როგორც აპლიკაციის დამფუძნებელმა გიგა უმეკაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, პლატფორმის მეშვეობით კომპანიებმა რამდენიმე ტენდერი უკვე გამოაცხადეს.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაინტერესება არის ბანკებიდან და ჯანდაცვის სფეროდან, მათ შორის, კლინიკებიდან. 

"ამჟამად, რამდენიმე კომპანიასთან ვმუშაობთ, რომ ჩვენი პროგრამის გამოყენება დაიწყონ, თუმცა უფასო ვერსია ყველასთვის ხელმისაწვდომია. Bid - pilot-ი არის B2B პროდუქტი და ამიტომ, ფართო მარკეტინგს არ ვაწარმოებთ. გვაქვს სემინარები,მათ შორის, ერთ-ერთი ახლო მომავალში, 13 თებერვალს ონლაინ იგეგმება, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს უფასოდ შეეძლება მონაწილეობა. აღნიშნულ სემინარზე ყველა ჩვენს პროდუქტზე დეტალურად ვისაუბრებთ. ჩვენი პლატფორმა, სამშენებლო სექტორსაც შეუძლია გამოიყენოს და მათთანაც გვქონდა მოლაპარაკებები, თუმცა მზაობა ჯერჯერობით არ გამოუთქვამთ. აღნიშნულ საკითხს გარკვეული სიფრთხილით უდგებიან. 

მუშაობის პროცესში კომპანიების მოთხოვნების შესაბამისად, ვიხვეწებით და ვამატებთ სხვადასხვა სერვისს. ანუ ჯერჯერობით პლატფორმა დახვეწის და განვითარების ეტაპზეა. 

რა თქმა უნდა, სამომავლოდ უცხოურ ბაზრებზე გვინდა გასვლა, თუმცა აღნიშნულზე აქტიურ მუშაობს ქართული ბაზრის ათვისების, სერვისების სრულად დახვეწის და საჭირო ფინანსური რესურსის მოძიების შემდეგ დავიწყებთ. 

ამჟამად, აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ გამოიყენოს ჩვენი პროდუქტი. შესაბამისად, 2025 წელს, ჩვენი მიზანია ადგილობრივ ბაზარზე, მინიმუმ 10-20 შემსყიდველი მაინც გვყავდეს, ხოლო უფასო ვერსიაზე სამიზნე რაოდენობა არ გვაქვს", - აცხადებს გიგა უმეკაშვილი. 

ცნობისთვის, სტარტაპი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.

სტარტაპი ეხმარება გენერალურ კონტრაქტორებსა და უძრავი ქონების დეველოპერებს, გადაჭრან სამშენებლო წინადადებების მომზადებისა და მართვის შრომატევადი და რთული პროცესი. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, პლატფორმა სამშენებლო გეგმებს სწრაფად აქცევს სატენდერო მოწვევად, ავტომატურად ამოიცნობს სატენდერო პაკეტებს ნახაზებში და ეხმარება სატენდერო პროცესის ეფექტურად წარმართვას.

გამოგვყევით