საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) განაგრძობს „5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის“ განხორციელებას და აცხადებს მიღებას მესამე ნაკადზე. ახალი ეტაპის ფარგლებში, პროგრამით დამატებით ისარგებლებს 1000 დაინტერესებული პირი, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ თანამედროვე ციფრულ უნარებს და დაიწყონ კარიერა ტექნოლოგიების სფეროში.
პროგრამა წარმოადგენს Do IT in Georgia ინიციატივის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს IT სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული ტრენინგების ჩატარებასა და მათთვის კარიერული წინსვლის ხელშეწყობას. ინიციატივა აერთიანებს ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა „5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამა“, Do IT with the EU და Code-IT.
მესამე ნაკადის ფარგლებში გაფართოვდა სასწავლო მოდულების სია: პროგრამირების მიმართულებას დაემატა Back End Programming (PHP - Laravel), Back End Programming (JavaScript + Node.js), Mobile Development და Game Development; დიზაინის მიმართულებაში დამატებულია Motion Design, ხოლო მართვის მიმართულებას დაემატა IT მხარდაჭერის კურსი.
ინტეგრირებული ონლაინ პლატფორმა doit.gov.ge შექმნილია იმისთვის, რომ მოქალაქეებს მარტივად მიუწვდებოდეთ ხელი სახელმწიფო, დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მიერ მხარდაჭერილ IT კურსებზე. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს ინფორმაციას ხელმისაწვდომ ტრენინგებზე და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს კარიერული გზის დაგეგმვას ციფრულ სექტორში.
პროგრამა პირველად 2023 წელს ამოქმედდა და დღემდე უკვე 2000-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა კურსები პროგრამირების, დიზაინისა და მართვის მიმართულებით. წლევანდელი ეტაპი დამატებით 1000 მოქალაქეს მისცემს შანსს, აიმაღლოს კვალიფიკაცია და სწრაფად ჩაერთოს ტექნოლოგიურ სექტორში.
რეგისტრაცია ღიაა და გაგრძელდება 22 მაისის ჩათვლით.