ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.
„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.
კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.