ბიზნესისთვის დამანგრეველია ყოველი წუთი და ჩინოვნიკმა ეს უნდა გაითავისოს , - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
მან გადაცემაში იმ ბიუროკრატიულ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაშია.
„მე ვფიქრობ, რომ შეძლებისდაგვარად სწორად ვითარდება საქართველოს ეკონომიკა. ბრწყინვალე არ არის, თუმცა ეს პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. მათ შორის, ბიზნესისთვის ბევრი რამ საკმაოდ გამარტივებულია, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო ნაწილში, თუმცა მაინც რჩება გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემები. ფაქტობრივად, ბიუროკრატია სულ არის. ჩემი პირველი ბიზნესი რომ დავიწყე, ძალიან პატარა ვიყავი და მას შემდეგ სულ ამ ბიუროკრატიას ვებრძვი. სამწუხაროდ, ეს ბიუროკრატია დღესაც იგრძნობა და კარგი იქნება, თუ ამ გარდამტეხ პერიოდში, მთავრობა ამას დიდ ყურადღებას მიაქცევს“, - აღნიშნა პაპაშვილმა.
ბიზნესმენის განმარტებით, მთავრობების ცვლილებას მუდმივად ახლავს ახალი კანონების შემოღება.
„ათობით მინისტრია გამოცვლილი მხოლოდ ჩემი ბიზნეს კარიერის პერიოდში ამა თუ იმ სამინისტროში. ზოგი მენდობა, ზოგი მომყვება საუბარში, როცა რაღაც რჩევებს ვაძლევ ბიუროკრატიულ პროცესებთან მიმართებით. არ არის ჩინოვნიკის ფუნქცია მხოლოდ მითხრას კანონის ინტერპრეტაცია. ჩვენ გონივრულად უნდა გადავწყვიტოთ, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება კანონის ენით ილაპარაკო, თორემ დავრჩებით მარტო მე და პოლიციელი, რად მინდა მაშინ ჩინოვნიკი“, - განაცხადა პაპაშვილმა.
მისივე თქმით, ბიუროკრატია ყველა ქვეყანაშია: „მე შევხვედრივარ ათჯერ უარეს ბიუროკრატიას ბრიტანეთში, ამერიკაში, ევროპაში. ჩვენთან მეტ-ნაკლებად კარგად არის ეს საკითხი, თუმცა ჩვენ ხომ უკეთესი გვინდა სულ?! ზოგადად უნდა გამოაცხადოს მთავრობამ , რომ არიან „ბიზნესმეგობრულები“. პირობითად უნდა თქვას, რომ შემდეგი დეკადა, ანუ 10 წელი ვიქნებით ბიზნესის მხარდამჭერი. მე ვითხოვ მუდმივად მეტს. მე სულ ვფიქრობ ჩვენს შვილებზე. მინდა რომ მათ დახვდეთ ღია კარი, ვინც ახლა იწყებს ბიზნესსაქმიანობას. ვითხოვ, უბრალოდ გონივრულ მიდგომასა და სწრაფ გადაწყვეტილებებს, სხვა რა უნდა ბიზნესს“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
მისივე თქმით, ბიუროკრატიული პროცესების გამო დაკარგული ნებისმიერი წუთი ბიზნესისთვის დამანგრეველია.