“ექსპორტზე ორიენტირებული მომსახურების სფეროს განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია, როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ისე საექსპორტო პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორზე, რომლის საქართველოს ბაზარზე განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“.
მისი თქმით, სააგენტო რამდენიმე წლია, რაც ამ სფეროს მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის პოლიტიკას აქტიურად ახორციელებს. „ამ ინდუსტრიის ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი სულ უფრო მზარდია. სხვა ბევრ შესაძლებლობასთან ერთად, ინვესტორებისთვის საინტერესოა სტაბილური ეკონომიკური გარემო და სტრატეგიული ლოკაცია, რასაც საქართველო სთავაზობს,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც მინისტრის მოადგილემ გაამახვილა ყურადღება IT სერვისების სფეროა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღეს საქართველოში 150-ზე მეტი ტექნოლოგიური კომპანია საქმიანობს, ასევე ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ პროფესიული სერვისების ექსპორტის განმახორციელებელი გლობალური ტოპ კომპანიები. შედეგად, შეიქმნა რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი და რამდენიმე მილიარდიანი საექსპორტო პროდუქცია, რომელსაც საქართველო გლობალურ ბაზრებს აწვდის.მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა ფაქტორებზე, რის გამოც გლობალურ ბაზრებზე დღეს ეს ორი სფერო განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს.
„ესენია, საგადასახადო რეჟიმი, რომელიც ჩვენ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს შევთავაზეთ; ასევე კვალიფიციურ კადრებზე ხელმისაწვდომობა; ბიზნესის კეთების სიმარტივის გარემო და მთელი რიგი სხვა პარამეტრები, რომლებიც განაპირობებენ საქართველოს მიმზიდველობას სხვადასხვა ტიპის ინვესტორებისათვის, ამ შემთხვევაში, პროფესიული სერვისებისა და ტექნოლოგიური კომპანიების მოსაზიდად" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.