ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი სასტუმრო ბიზნესის სუბსიდირების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე ბრენდული სასტუმროების სუბსიდირების საკითხზე დასვა საკითხი. ამის შესახებ მან „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 2-3 წელია ტურიზმის სექტორში ბრენდირებულ სასტუმროებზე სუბსიდირება შემცირებულია.
„იცით, რომ დიდი სუბსიდია იყო სოფლის მეურნეობაში და ასევე Check in Georgia-ს პროექტის ფარგლებში, ტურიზმის ნაწილში ხდებოდა სასტუმროების დაფინანსება. საბედნიეროდ, სოფლის მეურნეობის მიმართულებით სუბსიდირება გრძელდება, ბრენდირებულ სასტუმროებზე სუბსიდია შემცირებულია“, - აღნიშნა პაპაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის სუბსიდირების აუცილებლობა ტურიზმის სექტორში, ბიზნესმენი განმარტავს, რომ ეს მსოფლიო პრაქტიკაა.
„სუბსიდირება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიოს ფლაგმან ქვეყნებშიც კი ხდება. მათ შორის ევროკავშირშიც, პირდაპირ თუ არა პირდაპირ მხარს უჭერენ იმ დარგებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ჩვენთანაც აუცილებელია. დღეს ასეთი სურათი გვაქვს, დედაქალაქში სულ 7-8 ბრენდული სასტუმრო გვაქვს, რეგიონებში კი ამის ძალიან ნაკლებობაა. დროტევადი და ფულტევადი არის უძრავი ქონება და მათ შორის სასტუმრო ინდუსტრია. ამიტომ, მხოლოდ ქართული კაპიტალით ამ ბიზნესის საქმიანობა ძალიან რთულია. იცით რომ, მაინც მაღალია საპროცენტო განაკვეთი ჩვენთან და ვერ უძლებს ეს ბიზნესი ამ განაკვეთებს და ამ ვადიანობას, არ არის ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ კაპიტალი ხელმისაწვდომი“, - განმარტა პაპაშვილმა.
მისივე განმარტებით, ქვეყანას ბრენდული სასტუმროები მაღალმხარჯვეულუნარიანი ტურისტების მოსაზიდად სჭირდება.
„რაც უფრო მეტი ბრენდული სასტუმრო გვექნება, მით უფრო მეტ მაღალბიუჯეტურ ტურისტს მოვიზიდავთ. ახლა დატვირთულობის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ დაბალბიუჯეტიანი ტურისტი მოდის. მაღალბიუჯეტურ ტურისტებს სჭირდებათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების სიმრავლე იმისთვის, რომ აქ რამდენიმე დღე დარჩნენ“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში, საქართველოში მომრავლდნენ ტურისტები არაბული ქვეყნებიდან, რომლებიც მდიდარ სახელმწიფოებად მიიჩნევა. თუმცა, როგორც პაპაშვილი ამბობს, ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების მხოლოდ 10 პროცენტია არაბი, დანარჩენები კი - იქ დასაქმებული, რეზიდენტობა მიღებული ადამიანები არიან, შესაბამისად, მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებში არ გადიან.