„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ საზღვარგარეთული ტურით გრძელდება. ის ორ ქვეყანასა და სამ ქალაქს მოიცავს - სტამბოლს, ჰაიდენჰაიმსა და ბერლინს. განსხვავებული ადამიანები, საინტერესო ლოკაციებზე - საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, გადაცემა მაყურებელს რესპონდენტების ისტორიებში სამოგზაუროდ იწვევს. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
ევროპული თავგადასავლების 6 ეპიზოდში მაყურებელი სამშობლოდან ფიზიკურად შორს, მაგრამ გონებრივად თუ სულიერად საქართველოსთან ძალიან ახლოს მყოფ ადამიანებს შეხვდება. მოისმენს მათ პასუხებს საინტერესო და დამაფიქრებელ, ცხოვრებისეულ კითხვებზე, რომელიც რეტროსპექტივისკენ, ახალი აღმოჩენებისა და საკუთარი თავის შეცნობისკენ გვიბიძგებს.
“სტუმრების დიდ ნაწილს მაყურებელი იცნობს, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო, რომ მათი ყოველდღიური, საზღვარგარეთული ცხოვრება გვეჩვენებინა; გვენახა ის, თუ როგორები არიან ისინი ცხოვრების ამ კონკრეტულ მომენტში, რას ფიქრობენ, რას ქმნიან.
მაყურებლის ყურადღება შესაძლოა განსხვავებულმა პრიზმამაც მიიქციოს, რომლითაც დროებით თუ ხანგრძლივად ემიგრაციაში მყოფი ქართველები ხედავენ დღევანდელ საქართველოს. ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, შრომობენ, ქმნიან და არ ჩერდებიან,”- დათო გორგილაძე.
ყოველი ეპიზოდი განსხვავებული მოგზაურობის ნაწილია. ექვსი გზა, რომელთაც რესპონდენტების მიერ განვლილი და გასავლელი თავგადასავალი აერთიანებს, და რომელთაგან ყოველს უკან, საქართველოსკენ მოვყავართ.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები და გაიგოთ ვინ იქნებიან ევროპული თავგადასავლების მეგზურები, გამოიწერეთ Youtube არხი –„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.