ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით შეკვეთები აქტიურად შემოდის. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა ამ ეტაპზე, 10%-ით გაზრდილია, - ამის შესახებ Flowers.ge-ს ფინანსურმა დირექტორმა თამაზ იმნაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი ყვავილი ისევ ვარდია, თუმცა ნელ-ნელა საერთო გაყიდვებში ვარდის წილი იკლებს და სხვა დანარჩენის იმატებს.
"საქართველოს ბაზარზე ყვავილებზე მოთხოვნა მზარდია. ჩვენს კატალოგში ყველანაირი საფასო კატეგორიის თაიგულების ძალიან ფართო არჩევანია. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 10%-ით გაიზარდა ფასები. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი ნიდერლანდებია, თუმცა ვცდილობთ ხოლმე, რომ მარაგები სეზონურად, ქართველი მებაღეების მიერ მოყვანილი ყვავილებით შევავსოთ.
რაც შეეხება მოთხოვნას - ვერ ვიტყვი, რომ შემცირებულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ წინა წელთან შედარებით სტაბილურ მაჩვენებელზეა და სადღესასწაულო დღეებში ზრდის მოლოდინი გვაქვს", - აცხადებს თამაზ იმნაძე.
გარდა ამისა, კომპანიის ფინანსური დირექტორი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა მომართვიანობა იმ მომხმარებლების მხრიდან, რომლებიც, თავიანთი სახლის ინტერიერს ყვავილებით ყოველკვირეულად აახლებენ.
ცნობისთვის, Flowers.ge-ს ამ ეტაპზე ორი ფილიალი აქვს. კერძოდ, თბილისსა და ბათუმში.