2024 წლის მეოთხე კვარტალში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა შემცირდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 373 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 0.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.
ის, რომ ქართველი მოგზაურების რიცხვი, მეოთხე კვარტალში შემცირდა ადასტურებენ ტურ-ოპერატორებიც.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ TravelOnly-ის დირექტორმა სოფიო ნაცვლიშვილმა განუცხადა, წლის ბოლოს, ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო, ქართველი მოგზაურების ნაწილმა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავა, მათ შორის - დეკემბრის თვეში იყო ჯავშნების გაუქმების პრეცედენტებიც. თუმცა, 2024 წელი მაინც შედგა და გასულ, 2023 წელთან შედარებით, სხვადასხვა ტუროპერატორის შემთხვევაში, ტურისტული პაკეტების გაყიდვები, წლიურ ჭრილში, 10-დან 20 პროცენტამდე გაიზარდა.
„მომხმარებლის მხრიდან განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნა ზაფხულის პერიოდში შეინიშნებოდა, რა დროსაც ტოპ მიმართულება ტრადიციულად თურქეთი იყო. ასევე პოპულარობით სარგებლობდა ეგვიპტე და სხვა საზღვაო კურორტები, უმეტესად, ევროპის მიმართულებით. შედეგად, ზაფხულში გაყიდულმა მაღალი რაოდენობის ტურისტულმა პაკეტებმა წლიურ მაჩვენებლებზე გავლენა იქონია. საკმაოდ დატვირთული იყო შემოდგომის პერიოდიც. უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში, ქართველი ვიზიტორები, როგორც მოგზაურები ძალიან გაიზარდნენ და ახალი მიმართულებების აღმოჩენა დაიწყეს. მათ დიდ ნაწილს ევროპა უკვე ნანახი აქვს, ამიტომ ახლა, მათთვის საინტერესო ეგზოტიკური მიმართულებებია - ზანზიბარი, ტაილანდი, შრი-ლანკა, მალდივები და სხვა. გარდა ამისა, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომ ინდივიდუალურ მოგზაურობასთან ერთად, უკვე არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ჯგუფური ტურები“, - აღნიშნა სოფიო ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, საკმაოდ აქტიურად დაიწყო 2025 წელიც და ჯავშნების მიღება გაზაფხული-ზაფხულის პერიოდზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
რაც შეეხება ტურისტული პაკეტების ფასებს, TravelOnly-ის დირექტორი ამბობს, რომ მოთხოვნასთან ერთად, ფასებიც წლიდან წლამდე მზარდია. გამონაკლისი არც 2024 წელი აღმოჩნდა და ტურისტული პაკეტების ღირებულება, წლის განმავლობაში, 20-25%-ის ფარგლებში გაიზარდა.
„თუმცა, მინდა ვთქვა, რომ 2025 წელი ფასების სტაბილიზაციით დაიწყო და ტარიფების მატება ისეთი მასშტაბური არ არის, როგორიც გასულ წელს იყო. ტურპაკეტების გაძვირება არც შემდგომ თვეებშია მოსალოდნელი, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა. მეტიც, ველოდებით, რომ ქართულ ავიაბაზარზე, ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოსვლით, რაც მიმდინარე წლიდან იგეგმება, მათ შორის საუბარია ბრიტანულ EasyJet-ზე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროპის მიმართულებით ტურპაკეტების ღირებულება უფრო მეტად დასტაბილურდება, თუმცა, აქ ცხადია, გასათვალისწინებელია ლარის კურსის ფაქტორი“, - განმარტა TravelOnly-ის დირექტორმა.
ცნობისთვის, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოდან განხორციელებულ ვიზიტზე საშუალო ხარჯი თითქმის 5%-ით გაიზარდა და 963 ლარს გაუტოლდა. ჯამში, წლის ბოლო კვარტალში, განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 541 მილიონი ლარი შეადგინა.