აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, დიდი ხანია, გადაუხვია თავის თავდაპირველ მისიას, რომელიც ამერიკის ინტერესების წინ წაწევას ემსახურებოდა და ახლა სრულიად ნათელია, რომ USAID-ის დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეესაბამება აშშ-ის ძირეულ ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარეობს USAID-ის საგარეო დახმარების გადახედვა, რომლის მიზანიცაა რეორგანიზაცია, ამის შესახებ კი რუბიომ უკვე აცნობა კონგრესს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ გადასახადების გადამხდელთა ფული არ იქნეს გაფლანგული“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. როგორც თავად რუბიომ განაცხადა, USAID-ი გადასახადის გადამხდელთა ფულით ფინანსდება და შეშფოთებულია, რომ არ სურთ თანამშრომლობა ადამიანებთან, რომლებიც მარტივ კითხვებს სვამენ, რას აკეთებს ეს პროგრამა და ვინ ფინანსდება. მანამდე აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის თქმით, „USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ“. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ვიდრე USAID-ის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი ადმინისტრაცია სააგენტოდან „შეშლილებს“ გაათავისუფლებს.
1tv.ge