GEPHERRINI-ის პროდუქცია, 2 კვირაში, იაპონიის ბაზარზე გამოჩნდება, - ამის შესახებ ტყავის აქსესუარების კომპანია Gepherrini-ის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პროდუქცია სხვადასხვა იაპონურ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება.
"ყველა ჩვენი პროდუქცია ონლაინ გაიყიდება. იაპონიაში გაკეთდება მცირე საწყობი და იქიდან მოხდება გაყიდვა. გადართული ვართ ", - აღნიშნა ილია გეფერიძემ.
გარდა ამისა, კომპანია იტალიის და კანადის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. როგორც ილია გეფერიძემ აღნიშნა, პროდუქცია კანადის ბაზარზე მარტიდან, ხოლო იტალიის ბაზარზე სექტემბრიდან გავა.
"კანადაში საწყობი უკვე დასრულებულია. როგორც იაპონიაში, იტალიისა და კანადის ბაზრებზეც საწყის ეტაპზე პროდუქცია ონლაინ გაიყიდება. გასულ პერიოდებში ონლაინ გაყიდვები გაიზარდა. მაგალითად, ჩინეთში ფიზიკურ მაღაზიებში 50%-ით არის შემცირებული გაყიდვები, მაგრამ ონლაინ გაყიდვების პლატფორმებზე 70%-იანი ზრდა ფიქსირდება. გარდა ამისა, უფრო მარტივია და ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს", - აცხადებს ილია გეფერიძე.
ცნობისთვის, GEPHERRINI ქართული ბრენდია, რომელიც ჩანთებს, საფულეებს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებს. კომპანია ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის, მათ შორის, ჩინეთში, სადაც Gepherrini 2 ფიზიკურ მაღაზიას ფლობს და ასევე, ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზეც ხელმისაწვდომია.