logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბოლო 1 წელში, ოქრო 27%-28%-ით გაძვირდა" - ანალიტიკოსები ძვირფას მეტალზე ფასების მატებას კიდევ ელიან

ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე ფასების აღმავალი ტრენდი ნარჩუნდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart -ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა განუცხადა, 2024 წლის განმავლობაში, წლიურ ჭრილში ძვირფასი მეტალის ღირებულება 27%-28%-ით გაიზარდა. 

მისივე ინფორმაციით, ფასების ზრდა მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. 2025 წლის პირველი იანვრიდან ამ დრომდე, 1 უნცია ოქრო, თითქმის, 6%-ით არის გაძვირებული და დღეს, მისი ღირებულება 2,792 დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსები ძვირფას მეტალზე ფასის ზრდას გეოპოლიტიკურ რისკებს და არსებულ კონფლიქტებს უკავშირებენ. მართალია, ამჟამად, ინვესტორებისთვის ბიზნესგარემო არც თუ ისე ხელსაყრელია, თუმცა ოქრო სწორედ ასეთი რისკების დროს ძვირდება, რადგან ის კრიზისებისგან დაზღვევის კარგ შესაძლებლობად მიიჩნევა.

„ამ ფაქტორიდან გამომდინარე, გააქტიურებულები არიან როგორც ჩინელი, ისე ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები, რომლებიც საკუთარი პორტფოლიოს გამდიდრებას ოქროთი ცდილობენ. ამავდროულად, ოქროს მსხვილ შემსყიდველებს შორის ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ ცენტრალური ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ოქროს,  რეზერვების შესავსებად იყენებენ. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოქროს ფასების ზრდა შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება, თუმცა, რა ნიშნულზე დასტაბილურდება მისი ღირებულება, ამის თქმა უჭირთ. მაგალითად, საინვესტიციო ბანკ „გოლდმან საქსის“ პროგნოზით, არ არის გამორიცხული რომ 2025 წლის ბოლომდე, უნცია ოქროს ფასმა 2900 დოლარს მიაღწიოს“, - განმარტა სერგი ყურაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს, უნდა ითქვა, რომ ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე მოვლენებს, ასევე ლარის კურსის გაუფასურებას, ასახვა უკვე ჰქონდა ქართულ ბაზარზე. ადგილობრივ კომპანიებში ამბობენ, რომ მათ შესასყიდი სუფთა ოქრო, ბოლო თვეებია, მნიშვნელოვნად გაუძვირდათ, თუმცა ჯერჯერობით, გაძვირებული ნედლეულის ფასი, ნაკეთობებზე არ აუსახავთ.

ოქროთი მოვაჭრეები გაყიდვების დინამიკაზეც საუბრობენ. „ოქროს კიდობანის“ ექსპერტი ალექსანდრე ბარსეგიანი  „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაშიც, ოქრო კვლავ რჩება მნიშვნელოვან საინვესტიციო აქტივად, ასევე მას აქტიურად გამოიყენებენ საჩუქრის დატვირთვით. შესაბამისად, ოქროს ნივთების გაყიდვები მაინც ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. ბარსაგიანის ინფორმაციით, ამ მხრივ გამორჩეული არც 2024 წელი იყო და გასულ წელსაც გაყიდვები გაეზარდათ, თუმცა მინიმალური პროცენტული მაჩვენებლით.

როგორც სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, წლის დასაწყისში გაყიდვების გაცილებით მეტად ზრდას ელოდნენ, თუმცა ბოლო თვეებში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო, ნოემბერ-დეკემბერში გაყიდვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, რამაც საბოლოო ჯამში, გავლენა იქონია წლიურ მონაცემებზე.

გამოგვყევით