logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის გაყიდვები 20%-ით შემცირდა - მეღვინეობა "ამბრა"

ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის გაყიდვები 20%-ით შემცირდა, -  ამის შესახებ რაჭული მეღვინეობა "ამბრას" დამფუძნებელმა აკაკი სირაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული შემცირება ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.

"ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 80% ექსპორტზე გადის, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე ძირითადად, HoReCa სექტორთან ვთანამშრომლობთ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სიტუაციიდან გამომდინარე ადგილობრივ ბაზარზე  გაყიდვები საკმაოდ შემცირდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ უფრო და უფრო ექსპორტის მიმართულებით განვვითარდეთ", - აცხადებს აკაკი სირაძე.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, "ამბრას" ღვინოები ამ ეტაპზე ევროპის 4 ქვეყანაში, აშშ-სა და იაპონიაში იყიდება და გარკვეულ ქვეყნებში გაყიდვების შემცირება შეინიშნება.

"იაპონიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვები ცოტა შენელდა. აშშ-ში ვფიქრობთ, რომ აღნიშნულის მიზეზი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და არჩევნებია, ხოლო იაპონიის ბაზარზე რა ფაქტორებმა გამოიწვია მოთხოვნის კლება ამის თქმა რთულია. ვიმედოვნებთ, რომ გაყიდვების მაჩვენებელი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. 

აღსანიშნავია, რომ ჩვენ პოპულარული გავხდით ქვევრის ღვინით, თუმცა წამოვიდა ტენდენცია, რომ ქვევრის ღვინის ამზადებენ საფრანგეთშიც და სხვადასხვა ევროპის ქვეყანაში. ასე რომ ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა შემცირებულია და აღარ არის ისეთი აქტუალური როგორც წლების წინ იყო. გარდა ამისა, არც თუ ისე ცნობადია ქართული ღვინო სხვა ევროპულ ღვინოებთან შედარებით და ამ მიმართულებით პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან არის სამუშაო", - აცხადებს აკაკი სირაძე.

რაც შეეხება განვლილ 2024 წელს, "ამბრას" დამფუძნებელი, აღნიშნულს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ 2023 წელთან შედარებით კომპანიის გაყიდვები 10%-ით გაიზარდა. 

ცნობისთვის, რაჭული მეღვინეობა "ამბრა" ბაზარზე 4 წლის წინ გამოჩნდა. მეღვინეობა რაჭაში, ხვანჭკარის მიკროზონაში, სოფელ ბუგეულში მდებარეობს და 13 დასახელების ღვინოს აწარმოებს. 

გამოგვყევით