logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ყველაზე მეტად MICE ტურიზმის მიმართულება დაზარალდა" - გიორგი დოლიძე

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ყველაზე დიდი ზიანი, რამდენიმე მიმართულებას მიადგა, მათ შორის, წვეულებების, კორპორატიული ღონისძიებების, საკონფერენციო და MICE ტურიზმის მიმართულებებს, - ამის შესახებ HSC Group Hospitality დირექტორმა გიორგი დოლიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული მოვლენების გავლენა, მათ შორის, სანომრე ფონდის დატვირთულობის კუთხით, ყველაზე მეტად რუსთაველის გამზირზე და მის ახლოს მდებარე სასტუმროებს შეეხო. 

"ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დეკემბერში ყველაზე მეტად დაარტყა კორპორატიული მიმართულების სეგმენტს, მათ შორის, ღონისძიებებისა და სხვადასხვა კონფერენციების ჯავშნებს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მსგავსი ღონისძიებები დეკემბერში ტარდება ხოლმე და ის ბიუჯეტები იხარჯება, რომელიც კომპანიებს საქართველოში, ან მის საზღვრებს გარეთ აქვთ დაგროვილი. მსგავსი ტიპის ღონისძიებების გაუქმება შეგვიძლია ვთქვათ, რომ 60-70%-მდე იყო. ზოგადად, იანვარი, თებერვალი და მარტის 15 რიცხვამდე დაბალი სეზონია და შესაბამისად, ამ ეტაპზე დატვირთულობა 30-35%-მდე მერყეობს", - აცხადებს გიორგი დოლიძე.

მისივე განმარტებით,  როდესაც ქვეყანაში მსგავსი პროცესები მიმდინარეობს, ყველა მხარე - როგორც კერძო, ასევე საჯარო, ჩართული უნდა იყოს ტურისტების მოზიდვის პროცესში.

"როდესაც ჩვენი პარტნიორები უცხოეთიდან გვეკითხებიან მათ წინასწარ ჯავშნებზე - რამდენად შეიძლება, რომ რაიმე რისკი ან საფრთხე შეიქმნას - ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავანახოთ ის რეალობა რაც არის. ჩვენც თავისთავად ვერ ავიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას. მაქსიმალურად ვცდილობთ ავუხსნათ, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება მოულოდნელად შეიზღუდოს - ეს გადაადგილებაა. ჩვენ გარანტორები ვართ, რომ მათ მიერ გამოგზავნილი ტურისტები უსაფრთხოდ იქნებიან.

რომელიმე ერთი კონკრეტული რგოლი ვერ შესძენს დამკვეთს სიმშვიდეს თუ არ იქნება კომპლექსური მიდგომა. მედია საშუალებებმა, ტურისტული კომპანიის თანამშრომლებმა, სასტუმროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო სექტორმა და ა.შ. ყველამ ერთად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ საქართველოში, წლიდან წლამდე, გაცილებით მეტი ტურისტი ჩამოვიდეს", - აცხადებს გიორგი დოლიძე. 

შეგახსენებთმ ქართულ-შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ი  2016 წლიდან სასტუმრო ბიზნესს უწევს პროფესიონალურ საკონსულტაციო და მენეჯმენტ მომსახურებას პროექტის მართვის, სასტუმროს გახსნისა და მის შემდგომში მენეჯმენტის სრული სპექტრით. HSC Group-მა 2020 წელს პარტნიორობის მემორანდუმი შვეიცარიულ მენეჯმენტ კომპანია - DEVPORT GmbH - თან გააფორმა, რის შემდეგაც ინვესტორებს საერთაშორისო დონის სხვადასხვა მომსახურებებს სთავაზობს.

გამოგვყევით