დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში უპრეცედენტო, რამდენიმე მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ (Enterprise Georgia) მრავალთვიანი სამუშაო პროცესის, მაღალი რანგის ვიზიტებისა და მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა შესაბამისი ლოკაციების შერჩევა და ინვესტორთან შეთანხმების მიღწევა.
პროექტი უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს როგორც ქვეყნისთვის, ასევე სააგენტოსთვის. წლების მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი უცხოური საინვესტიციო პროექტების მიუხედავად, მსგავსი მასშტაბის პროექტი არის უპრეცედენტო და უნიკალური ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. იგი ერთ-ერთი მთავარი ნაწილია იმ საინვესტიციო სტრატეგიისა, რომლის შესახებაც სააგენტოს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა საზოგადოებასთან.
აღსანიშნავია, რომ Eagle Hills-ი მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა დააარსა, რომელიც ასევე არის საინვესტიციო მიმართულებით უმსხვილესი ჯგუფის Emaar Properties დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. Eagle Hills-ი პროექტებს 17 ქვეყანაში ახორციელებს.