"დეგუსტო" აჭარის რეგიონში ფილიალების გახსნას 2026 წლიდან გეგმავს. ამის შესახებ "დეგუსტოს" ხელმძღვანელმა სანდრო ნორაკიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ფილიალების გახსნამდე, კომპანია მიმდინარე წელს ლოკაციებს მოიძიებს და ბაზარს შეისწავლის.
"იმისთვის, რომ აჭარის რეგიონში ფილიალები გავხსნათ ნახევარფაბრიკატების მინი, ლოკალური საწყობი და საწარმო დაგვჭირდება. შემდეგ, შესაძლებელი იქნება ამ რეგიონში ქსელურად შესვლა. თბილისის შემდეგ აჭარა იქნება პირველი რეგიონი, სადაც "დეგუსტოს" ფილიალები გამოჩნდება", - აცხადებს სანდრო ნორაკიძე.
როგორც "დეგუსტოს" ხელმძღვანელი აცხადებს, მიმდინარე წელს აჭარის რეგიონის შესწავლის პარალელურად, კომპანია თბილისში დამატებით 5-მდე ფილიალის გახსნას გეგმავს, რაშიც ნახევარ მილიონ დოლარს დახარჯავს.
სანდრო ნორაკიძის განცხადებით, "დეგუსტოს" გაყიდვები ყოველწლიურად მზარდია და 2024 წელს აღნიშნულმა ზრდამ 10% შეადგინა.
ცნობისთვის, „დეგუსტო“ ბაზარზე 2016 წლიდანაა და თბილისის მასშტაბით ჯამში 21 ფილიალს ფლობს.