"დეგუსტო" 2025 წელს, თბილისში 5 ფილიალის დამატებას გეგმავს, - ამის შესახებ "დეგუსტოს" ხელმძღვანელმა სანდრო ნორაკიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გაფართოების ინვესტიცია, დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოლარი იქნება. მანვე აღნიშნა, რომ 2024 წელს კომპანიის გაყიდვები 10%-ით გაიზარდა.
"კომპანიისთვის 2024 წელი საკმაოდ ნორმალური წელი იყო. 6 ახალი ფილიალი გავხსენით და 2023 წელთან შედარებით, გაყიდვების 10%-მდე ზრდა გვქონდა. გარდა ამისა, 2024 წელს გავაკეთეთ მზა საკვების ქარხანა, სადაც ვამზადებთ სენდვიჩებს, ლანჩ-ბოქსებს და სალათებს, რომლითაც "სპარის" ქსელი მარაგდება. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 მლნ. ევროს შეადგენს. ეს არის, შპს "ევროპული საცხობი", რომლის დამფუძნებელი არის "დეგუსტო" და თვითონ პროდუქცია "სპარის" ქსელში "გაამოთ" სახელით იყიდება", - აცხადებს სანდრო ნორაკიძე.
გარდა ამისა, 2025 წელს შპს "ევროპული საცხობი", რომელიც ასორტიმენტის ზრდას და „დეილისა“ და „სპარის“ ჰოლდინგის ყველა ქსელურ მარკეტში შესვლას გეგმავს.
"მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ მზა საკვები "დეილის", "იოლის", "მაგნიტისა" და "გვირილა" სუპერმარკეტებშიც იყოს წარმოდგენილი. აღნიშნული პროდუქცია "გაამოთ" ბრენდის ქვეშ იყიდება, თუმცა უახლოეს მომავალში FOOD-ის სავაჭრო ნიშნით გაიყიდება, რომელსაც ასევე, "დეილი" და "სპარი" ფლობს", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა. კერძოდ, „ზედაზენი ჯგუფისა“ და „დეილი ჯგუფის“ ერთობლივი ოფიციალური განცხადებით, მათ შორის დადებული გარიგების თანახმად, შეიქმნა უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება, რომლის აქციონერებიც გახდნენ „დეილი ჯგუფისა“ და „ზედაზენი ჯგუფის“ პარტნიორები.
ცნობისთვის, „დეგუსტო“ ბაზარზე 2016 წლიდანაა და თბილისის მასშტაბით ჯამში 21 ფილიალს ფლობს.