logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ღვინის ქურდები" ამერიკის, ჩინეთისა და კორეის ბაზარზე გასვლას გაზაფხულიდან გეგმავს

"ღვინის ქურდები" ამერიკის, ჩინეთისა და კორეის ბაზარზე გასვლას გაზაფხულიდან გეგმავს, - ამის შესახებ კომპანია „ღვინის ქურდების“ თანადამფუძნებელმა ზაზა ასათიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გარდა ამისა, კომპანიისთვის ევროპული ბაზარი უმთავრესი პრიორიტეტად რჩება და პარალელურ რეჟიმში "ღვინის ქურდები" მოლაპარაკებებს იტალიასთან და გერმანიასთან აწარმოებს. ზაზა ასათიანის შეფასებით, "ღვინის ქურდების" ღვინო 2025 წელს აღნიშნულ ბაზრებზეც უნდა გავიდეს. 

"მიმდინარე წელს დამატებით საექსპორტო ბაზრებზე განვითარების კუთხით აქტიური მუშაობა დავიწყეთ. მაგალითად, კომპანია 2017 წლის შემდეგ არ გავსულვართ ამერიკის ბაზარზე და მიმდინარე წელს, დაახლოებით მარტში პირველ შეკვეთას გავგზავნით. გარდა ამისა, აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კორეისა და ჩინეთის ბაზარზე და ამჟამად, ტექნიკურ ლოგისტიკური საკითხებს ვაწესრიგებთ და გვაქვს იმედი, რომ გაზაფხულზე სამივე საექსპორტო ბაზარზე ვიქნებით წარმოდგენილი. კომპანიის სამომავლო გეგმებში იაპონიაც მოიაზრება, რომელზე მუშაობასაც აღნიშნული ბაზრების ათვისების შემდეგ უფრო აქტიურად დავიწყებთ. 

ჯამში ამ ეტაპზე ექსპორტზე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გავდივართ. ნორვეგია ჩვენი ნომერ პირველი ბაზარი, სადაც ყველაზე წარმატებული ქართული ღვინის კომპანია ვართ გაყიდვების კუთხით. გარდა ამისა, ვართ ავსტრიასა და საფრანგეთში.

ზოგადად, ამჟამად საექსპორტო გაყიდვების 100% ევროპაზე მოდის და კომპანიისთვის ევროპული ბაზარი უმთავრესი პრიორიტეტულია. მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, ვაწარმოებთ ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან - მათ შორის, იტალიასთან და გერმანიასთან", - აცხადებს ზაზა ასათიანი.

კომპანიის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, უცხოეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა ცნობადობა  არ არის ისეთი როგორიც სხვა ქვეყნების შემთხვევაშია, შესაბამისად, ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. გარდა ამისა, აუცილებელია ხარისხი, რადგან მხოლოდ ხარისხით არის შესაძლებელი ღვინის მოყვარულების დაინტერესება. 

შეგახსენებთ, ღვინის კომპანია „ღვინის ქურდები“ 2015 წელს წინანდალში დაფუძნდა. დაფუძნებიდან პირველი ორი წელი კომპანიის საქმიანობის კონცეფცია მოიცავდა მევენახე გლეხების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, ასევე კომპანია მათ  ღვინის ბრენდირებასა და სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის გატანაში ეხმარებოდა.

გამოგვყევით