ქართულმა ღვინოებმა მსოფლიო კლასის ღვინოებში ადგილის დამკვიდრება უნდა დაიწყონ , - ამის შესახებ "თბილღვინოს" თანადამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ გასულ წელს მაღალი საფასო სეგმენტის ღვინის წარმოება დაიწყო და წელსაც, აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე მსოფლიო დონის ქართული ღვინო წარადგინოს.
"2024 წელს, რაც გვქონდა დაგეგმილი, შეიძლება ითქვას, რომ შევასრულეთ. 2024 წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა ადგილობრივ ბაზარზე და საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რთული წელი იყო, თუმცა დასახული მიზნები მაქსიმალურად განვახორციელეთ. გარდა ამისა, გასული წელი საინტერესო იყო იმ კუთხითაც, რომ ჩვენ რამდენიმე წელი ვმუშაობდით იმისთვის, რომ შეგვექმნა ახალი ღვინის კოლექცია, რომელიც მაღალი საფასო სეგმენტისთვის არის განკუთვნილი. სულ არის 8 ღვინიანი კოლექცია და ამ ღვინოების წარდგენა როგორც ლონდონში, ისე თბილისში სწორედ გასულ წელს მოხდა. გაყიდვები დაწყებულია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.
გასულ წელს, ექსორტზე 25 ქვეყანაში გავდიოდით. მიმდინარე წელს ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სავაჭრო ნიშნების და ასორტიმენტის ოპტიმიზაცია იქნება. ახალი კოლექციის ღვინოები გავიტანეთ ბრიტანეთში, სამხრეთ კორეასა და ყაზახეთში. ეს არის პირველი ნაბიჯები. საკმაოდ რთული ამოცანაა მსოფლიოში მაღალი კატეგორიის ღვინოების მწარმოებელი მრავალი ქვეყანაა და ძალიან დიდი კონკურენციაა, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვართ მეღვინეობის სამშობლო, კომპანიამ გადავწყვიტეთ თამამი ნაბიჯი გადაგვედგა", - აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - კომპანია მიმდინარე წელს ამერიკულ და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე უფრო მეტად განვითარებას დაუთმობს.
"პირველ რიგში 2025 წელს გვსურს, რომ შევინარჩუნოთ ის გაყიდვები, რაც გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ პოზიციები გავამყაროთ. უფრო და უფრო მაღალი კონკურენციაა საშუალო და დაბალ საფასო სეგმენტში. შესაბამისად, გვაქვს გეგმები და მივყვებით ამ გეგმის შესრულებას", - აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი.
ცნობისთვის,“თბილღვინო” ქართული ღვინის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციაც ექსპორტზე მსოფლიოს 25 ქვეყანაში გადის.
“თბილღვინოს” ისტორია გასული საუკუნის 60-იან წლებში იწყება. 1962 წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. დაარსებიდან დღემდე, "თბილღვინომ" უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ლონდონის საერთაშორისო კონკურსებზე: Decanter World Wine Awards, International Wine Challenge და International Wine & Spirit Competition.
„თბილღვინოს“ ვენახებში გაშენებულია სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიში და მდებარეობს ქინძმარაულის, მუკუზნის და წინანდლის მიკროზონებში.