logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ეკონომიკის სამინისტროში გენერაციისა და გადაცემის სისტემის ოპერატორის განცალკევების პროცესი ჯერ არ დაწყებულა

ეკონომიკის სამინისტროში ელექტროენერგიის გადაცემისა და გენერაციის ნაწილის განცალკევება ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

განცალკევება „ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების“ მოთხოვნაა, რომლის წევრიც საქართველო 2017 წლიდანაა. ვალდებულების თანახმად, გენერაცია და გადამცემი სისტემის ოპერატორი არ შეიძლება ერთი სტრუქტურის ქვეშ, ამ შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტროს მმართველობაში ერთიანდებოდეს. განცალკევების პროცესი გვიანდება, რის გამოც ორგანიზაციამ ე.წ. დარღვევის პროცედურა წამოიწყო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელმა ნოდარ რუაძემ განუცხადა, გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების ვალდებულებამ იმაზე მეტი დრო მოითხოვა, ვიდრე ეს ენერგეტიკული გაერთიანების მიერ იყო განსაზღვრული.

„მოდელი, რომელიც შეირჩა, "ენერგეტიკულმა გაერთიანებამ" ამ ეტაპზე არ მოიწონა. ახლა უკვე მიმდინარეობს მათთან აქტიური მოლაპარაკება და ისეთი მოდელის შეთავაზება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ განცალკევების ის მოთხოვნები, რომელიც სავალდებულო რეგულაციებიდან გამომდინარეობს, შესრულდეს.

ელექტროსისტემა არ დაჯარიმებულა, უბრალოდ დარღვევის პროცესი წამოიწყეს. დაჯარიმება უკიდურესი ფორმაა და ჩვენ გვჯერა, რომ აქამდე საქმე არ მივა“ - აცხადებს ნოდარ რუაძე.

მისივე თქმით, ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს - შეთავაზებულია განცალკევების რამდენიმე მოდელი, რაც „ენერგეტიკულმა გაერთიანებამ“ უნდა მოიწონოს.

არის რამდენიმე მოდელი, რომელიც მოლაპარაკების სტადიაზეა, თუმცა, განცალკევება გულისხმობს იმას, რომ ელექტროენერგიის გადაცემა და გენერაცია უნდა გაიყოს ერთმანეთისგან, ანუ არ უნდა იყოს ერთი სახელმწიფო რგოლის ქვეშ. ამიტომ, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას შორის გადანაწილდება გენერაციის საწარმო და გადაცემის სისტემის ოპერატორი“ - აცხადებს ნოდარ რუაძე.

გამოგვყევით