logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ენერგეტიკა ერთ-ერთ ყველაზე მდგრად სეგმენტად ითვლება" - ნუკა მშვიდობაძე

„საქართველოს განახლებადი ენერგიების ჰოლდინგმა“ სიმძლავრის მეორე აუქციონში ერთი მცირე ჰიდროპროექტით გაიმარჯვა.

როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი ნუკა მშვიდობაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, სასურველი იქნებოდა აუქციონში უფრო მაღალი მედიანური ტარიფები დაფიქსირებულიყო.

„ჩვენ მოვიგეთ ერთი პროექტი - ეს არის ჰიდროპროექტი - მოდინებაზე მომუშავე ჰესი 6.29 აშშ ცენტად. ვისურვებდი, რომ ტარიფი უფრო მაღალი იყოს. ჩვენი პროექტი საკმაოდ პატარაა, თუმცა, რაც შეეხება უფრო დიდ პროექტს, ვფიქრობ, ამ ტიპის პროექტებისთვის უფრო მაღალი ტარიფები იქნებოდა მისაღები “ - ამბობს ნუკა მშვიდობაძე.

მისივე თქმით, ენერგეტიკის სფერო ერთ-ერთ ყველაზე მდგრად სფეროდ და სეგმენტად ითვლება. გამოცოცხლებულია კაპიტალის ბაზარიც.

„რამდენადაც ვიცი, ხდება წახალისების მექანიზმების შემუშავება ობლიგაციების კუთხით. ადგილობრივი კაპიტალის ბაზარიც გამოცოცხლებულია. მიხარია, რომ ეს გამოცოცხლება ჩვენს მიერ 2022 წელს განთავსებულმა ობლიგაციებმაც გამოიწვია 80 მლნ დოლარის ოდენობით“ - ამბობს ნუკა მშვიდობაძე „ბიზნესპარტნიორთან“.

„საქართველოს განახლებადი ენერგიების ჰოლდინგი” ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის “ჯორჯია კაპიტალის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც ფლობს ქართლის ქარის ელექტროსადგურს და მოდინებაზე მყოფ ოთხ ჰიდროსადგურს. ასევე, ფლობს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სადგურებს, მათ შორისაა კასპის ქარის ელექტროსადგურის პროექტი, რომელიც 80 მგვტ დადგმული სიმძლავრისაა.

საქართველოს კაპიტალის ბაზარზე კომპანიამ $80 მლნ-ის ობლიგაციები 2022 წელს განათავსა. ტრანზაქცია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე განთავსებული პირველი მწვანე ობლიგაციები იყო.

გამოგვყევით