logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"საბანკო დაფინანსებისას მზის ელექტროსადგური უნდა შეფასდეს როგორც ღირებული აქტივი - ვითხოვთ პროცედურების გამარტივებას" - თორნიკე დარჯანია

საბანკო დაფინანსებისას მზის ელექტროსადგური უნდა შეფასდეს როგორც ღირებული აქტივი და კომპანიების მიმართ დამატებითი უზრუნველყოფა არ უნდა იქნეს მოთხოვნილი. ვითხოვთ პროცედურების გამარტივებას, - ამის შესახებ "მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა და “ჰელიოს ენერჯის” დამფუძნებელმა  თორნიკე დარჯანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მზის ელექტროსადგური არ ახდენს დიდ ზემოქმედებას გარემოზე და ამიტომ პროცედურების გამარტივება შესაძლებელია.

"ბანკები არგუმენტად გვეუბნებიან, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციებით ეს არ არის აღიარებული როგორც აქტივი. შესაბამისად, ბანკი ითხოვს უზრუნველყოფად დამატებით უძრავ ქონებას, რაც ძალიან ართულებს მდგომარეობას და პროექტების განხორციელებას თითქმის შეუძლებელს ხდის. რაც შეეხება ბიუროკრატიულ მექანიზმებს - ესეც რჩება გამოწვევად. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ პროცედურების გამარტივებას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შეეხება 2 მეგავატ სიმძლავრეზე მზის ელექტროსადგურებს, რომლებსაც არ სჭირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება. ჩვენ გვსურს, რომ პროექტის დამტკიცებიდან კომპანია სწრაფად გადადიოდეს მშენებლობის ეტაპზე. ვიცით, რომ მზის ელექტროსადგური არ ახდენს დიდ ზემოქმედებას გარემოზე და ამიტომ შესაძლებელია, რომ მას შედარებით გამარტივებული პროცედურები ჰქონდეს, ვიდრე ეს არის ჰიდროელექტროსადგურის, ან სხვა ტიპის შემთხვევებში", - აღნიშნავს დარჯანია. 

 კითხვაზე  - 2030 წლისთვის რამდენად შესაძლებელია განახლებადი ენერგიის წილი 24.4% იყოს - თორნიკე დარჯანია განმარტავს, რომ  გეგმა ამბიციურია, თუმცა შესაძლებელი.

"ვიტყვი მზის ენერგიის სადგურების კუთხით, რომ თუ პროცედურები არ გამარტივდა და არ გადავედით სწრაფად მშენებლობის ეტაპზე, შეუძლებელი იქნება ამის განხორციელება. თუ ჩვენ გვინდა, რომ დავეწიოთ ამ ამბიციურ გეგმას მეტი კადრი გვჭირდება. ბოლო პერიოდში, ასობით პროექტია გამარჯვებული CFD აუქციონზე, რომლებიც განხორციელებას საჭიროებს.  ამ პროექტის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია  თანამონაწილეობა, როგორც  ქსელი ოპერატორების, ისე  სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან. თუ არ იქნება გამართული ელექტროსისტემა და ქსელი, ვერაფერი ვერ აშენდება. ამიტომ ესეც რჩება გამოწვევად. ვიმედოვნებ, 20230 წლისთვის,შეწყობილი მუშაობით სამიზნე მაჩვენებელზე გავალთ", - აცხადებს თორნიკე დარჯანია. 

გამოგვყევით