logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

აფბა - გლობალური გამოწვევების ფონზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

აფბა - გლობალური გამოწვევების ფონზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

1751372349

აფბა“-ს შეფასებით, გლობალური გამოწვევებისა და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული რყევების პარალელურად, საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდისა და დაბალი ინფლაციის შენარჩუნება ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და იგი შესაძლებლობას იძლევა ქვეყანაში აღმოიფხვრას სიღარიბე და საქართველო მაღალგანვითარებული ქვეყნების რიგს შეუერთდეს.

„როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, მაისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5 პროცენტი, ხოლო იანვარ-მაისში - 8.8 პროცენტი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების პროგნოზებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი კონტრიბუტორია, ხოლო აქტიური ზაფხულის ტურისტული  სეზონი ჯერ კიდევ წინაა, უნდა ველოდოთ, რომ არსებული მაჩვენებლები კიდევ გაუმჯობესდება და მინიმუმ შემოდგომამდე ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება“ - აცხადებენ აფბაში.

ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით,  განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული დადებითი ტენდენციები, რომლის მიხედვითაც  მაისში, ისევე როგორც აპრილში, საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა უზრუნველყო ექსპორტის 15.9%-იანმა მატებამ და ეს  მაშინ, როდესაც იმპორტი შემცირდა 5.1 პროცენტით. ექსპორტის მიმართულებით კი ცალკე გამოსაყოფია ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც მაისში 10.6%-ით გაიზარდა და 267 მილიონი დოლარი შეადგინა.  ადგილობრივი ექსპორტის ზრდის მაჩვენებლები ცხადყობს, რომ ბიზნეს სექტორი ქვეყანაში აქტიურად ვითარდება, მათი წარმოების მასშტაბები და საექსპორტო პოტენციალიც წლიდან-წლამდე იზრდება.  ბუნებრივია, ბიზნესსექტორის განვითარებამ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს უმუშევრობის შემცირებაში და ამას ადასტურებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG-ის ინდექსიც, რომლის მიხედვითაც  2025 წლის მეორე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 28%-მა დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდა, ხოლო კომპანიების 35% მესამე კვარტალში ელის დასაქმებულთა ზრდას. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, მატულობს შრომის ანაზღაურებაც, რომელიც (ინფლაციის გამორიცხვით) დაახლოებით 8 პროცენტით გაიზარდა.

„მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ,  ექსპორტის გაუმჯობესებულმა მაჩვენებლებმა და გაზრდილმა ფულადმა ტრანზაქციებმა უზრუნველყო ქვეყნის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაც, კერძოდ - ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს, საბანკო სექტორში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დეპოზიტების მაჩვენებელი, ხოლო ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა საერთაშორისო რეზერვები და მან მაისის მდგომარეობით 4.6 მილიარდი დოლარი შეადგინა“ - განაცხადეს აფბაში.

როგორც აფბაში აცხადებენ, სწორედ ბოლო წლებში დაფიქსირებულმა მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ, ბიზნეს სექტორის განვითარებამ და მაკროეკონომიკური პარამეტრების მნიშვნელოვანმა გაუმჯობესებამ უზრუნველყო საერთაშორისო კვლევებში საქართველოს დაწინაურება. ამის ნათელი მაგალითია, დღეს „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გავრცელებული კეთილდღეობის ინდექსის კვლევა, რომლის მიხედვითაც 100%-იანი სისტემით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი, 75.5% დააფიქსირა და კეთილდღეობის ინდექსის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში მოხვდა. ამავდროულად, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესის მიხედვით. ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო 12 წელიწადში საქართველოში კეთილდღეობის ინდექსი 8,8 პუნქტით გაუმჯობესდა და მსოფლიო რეიტინგში ქვეყანა 23 ადგილით დაწინაურდა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია, დადებითი ტენდენციების კვალდაკვალ ყურადღებას ამახვილებს იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს. კერძოდ, აფბას შეფასებით საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა გაამახვილოს მეტი ყურადღება ენერგეტიკის სექტორზე, რომელიც საკმაოდ დაბალი ტემპით ვითარდება, ხოლო მაისში საერთოდ შემცირების ტენდენცია აჩვენა. არადა, ენერგეტიკა არის ის სექტორი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ ლოკომოტივად უნდა იქცეს. აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდის კუთხით, ვინაიდან ინვესტიციების შემცირების ტენდენცია აუცილებლად გამოსასწორებელია. და ბოლოს,  მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში სიღარიბე  მნიშვნელოვნად 9,4%-მდე შემცირდა და ჯინის კოეფიციენტიც გაუმჯობესდა, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ინკლუზიურობა და სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით ეფექტური რეფორმების განხორციელება.

გამოგვყევით