ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღნიშნა
საიუბილეო ღონისძიება სამსახურის ხელმძღვანელმა დავით მჭედლიძემ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბეჟან წაქაძემ, ხოლო ვიდეომიმართვის ფორმატში სამსახურს (SARAS) 10 წლის იუბილე მიულოცა და მისი მიღწევების შესახებ აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.
ღონისძიების ფარგლებში დავით მჭედლიძემ წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში განხორციელებული რეფორმის ძირითადი მიღწევები და სამსახურის საქმიანობის ათწლიანი შედეგები.
გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა გარემო, სადაც გამჭვირვალე ანგარიშგება მხოლოდ კანონით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულებას აღარ ნიშნავს. ფინანსურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად გამარტივდა მისი მოძიება, დამუშავება და საქმიანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გამოყენება. REPORTAL.GE-ის მეშვეობით შეიქმნა ფინანსური ინფორმაციის საჯარო ციფრული ბაზები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს საწარმოთა საქმიანობის სფეროსა და ინდუსტრიის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ძირითადი ფინანსური მონაცემების, აუდიტორისა და მის მიერ გამოთქმული მოსაზრების შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, ფინანსურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და მისი გამოყენება საქმიანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მნიშვნელოვნად გამარტივდა.
რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ფინანსური ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან მათი შესაბამისობის ზრდა დასახელდა. განხორციელებული მიმოხილვებისა და შემდგომი რეაგირების შედეგად, განმეორებითი მიმოხილვისას გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსწორების მაჩვენებელმა 76% შეადგინა.
მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა აუდიტის ზედამხედველობის მიმართულებითაც. ხარისხის მონიტორინგის სისტემის განვითარებამ ხელი შეუწყო აუდიტორული მომსახურების ხარისხისა და სანდოობის ზრდას. 2025 წლის მონაცემებით, აუდიტის ბაზრის დაფარვის მაჩვენებელმა, შემოსავლების მიხედვით, პირველადი მონიტორინგის შემთხვევაში 99%, ხოლო განმეორებითი მონიტორინგის შემთხვევაში 95% შეადგინა. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსწორების მაჩვენებელმა კი 58%-ს მიაღწია.
ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა სამსახურის საქმიანობის გაფართოება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით. 2023 წლიდან სამსახურში შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი, გაგრძელდა სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწა FATF/MONEYVAL-ის მიდგომების გათვალისწინებით, ხოლო 2026 წლიდან დაიწყო რისკზე დაფუძნებული მიდგომით ანგარიშვალდებული პირების ინსპექტირება და რისკების ანგარიშგების სისტემის განვითარება.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს წევრები, ასევე, 10-წლიანი საქმიანობისთვის სამსახურის თანამშრომლები სიმბოლური მედალიონებით დააჯილდოვა, რომლებმაც SARAS-ის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მადლობის ნიშნად სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ ანგარიშგებისა და აუდიტის მთარგმნელობითი სარედაქციო კომიტეტების წევრებსაც.
ათი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები ეფუძნებოდა საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას, ინსტიტუციურ განვითარებასა და პარტნიორებთან თანამშრომლობას. განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობის, ანგარიშგებისა და აუდიტის ხარისხის, პროფესიისადმი ნდობისა და ფინანსურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას - იმ ფაქტორებს, რომლებიც ჯანსაღი ბიზნესგარემოსა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნიან.
ნდობა ქმნის შესაძლებლობებს!