მსოფლიოში ახალი, მაღალი სიზუსტის სამედიცინო ხელოვნური ინტელექტი იქმნება. სპეციალურად სამედიცინო მონაცემებზე გაწვრთნილ AI-ს ტექნოლოგიური გიგანტი „მაიკროსოფტი“ და ამერიკული სამედიცინო კვლევითი ცენტრი „მეიოს კლინიკა“ ქმნიან.
პროექტის მიზანია, ჩაანაცვლოს ინტერნეტში გავრცელებული არაზუსტი და ხშირად სიცოცხლისთვის სახიფათო სამედიცინო რჩევები. ახალი მოდელი უშუალოდ კლინიკის სამეცნიერო კვლევებს, პაციენტების ანონიმურ ისტორიებსა და წამყვანი ექიმების გამოცდილებას დაეყრდნობა.
საწყის ეტაპზე ტექნოლოგიას სამედიცინო პერსონალი გამოცდის, მოგვიანებით კი ის „მაიკროსოფტის“ ჩატბოტში - „ქოფაილოტში“ ინტეგრირდება, რაც რიგით მომხმარებლებს სიმპტომების გადამოწმებისა და ზუსტი დიაგნოსტიკის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის სრულყოფას და მაღალი სიზუსტის მიღწევას შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს.