„ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის შუა დერეფნის კონტექსტი და მისი როლი, ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებში. აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ის, რომ შუა დერეფანი აღარ არის ალტერნატივა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ დერეფანზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე ბათუმში მიმდინარე საქართველოს მესამე საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობს - თამარ იოსელიანი ფორუმის ფარგლებში გამართული პანელის „ზღვებიდან დერეფნებამდე: გლობალური ვაჭრობის ახალი გეოგრაფია“ ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.
„ძალიან საინტერესო დისკუსიები შედგა როგორც სახელმწიფო წარმომადგენლებს, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. ჩვენ გავაზიარეთ ის სტატისტიკა, რაც გვაქვს დღეს საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში, ეს მოიცავს როგორც რკინიგზას, ასევე საქართველოს პორტებს. წელს, 8 თვის მონაცემებით, ძალიან მაღალი არის ტვირთბრუნვა, გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, გვაქვს ზრდა და უნდა ითქვას, რომ ასევე ეს ზრდა განპირობებულია იმ სწორი მენეჯმენტით, რომელიც როგორც საქართველოს ნავსადგურებში, ასევე საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა ზოგადად კერძო და საჯარო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი შეფასებით, საქართველოს ნავსადგურებთან თანამშრომლობაა ამის კარგი მაგალითი.
„სწორედ ეს აღვნიშნეთ დისკუსიების დროს, რომ როგორც რეგიონული თანამშრომლობა, ასევე კერძო და საჯარო თანამშრომლობა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ მომხმარებლებს მივაწოდოთ სწრაფი, ეფექტური და სანდო სერვისები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.