logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ირაკლი ქარსელაძე ბაქოში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

ირაკლი ქარსელაძე ბაქოში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

1732170842

„მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა ბაქოში მიმდინარე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მაღალი დონის  - COP29 ფორუმზე. ვიმსჯელეთ ურბანული განახლების, ინფრასტრუქტურის განვითარების და კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან დაბალანსებულ მიდგომებზე. გავუზიარეთ კოლეგებს ინფორმაცია ჩვენს წარმატებულ პრაქტიკებზე, იმ მასშტაბურ პროექტებზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი კომპონენტი,  კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირების შესაბამისი ღონისძიებები და მოვისმინეთ სხვადასხვა ქვეყანის საინტერესო გამოცდილება,“ - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბაქოში მიმდინარე მინისტერიალზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

გაეროს წევრი ქვეყნების მინისტრების რიგით მე-3 შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის (COP29) ფარგლებში გაიმართა. მინისტერიალის თემა იყო ურბანიზაცია და კლიმატის ცვლილება. 

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ქარსელაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად ურბანული განვითარების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას. მან აღნიშნა, რომ ქვეყანა აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას.

მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება გადამწყვეტ როლს ასრულებს, როგორც ქვეყნების ეკონომიკის გაძლიერებაში, ისე კლიმატის ცვლილებაში და ურბანული განვითარებისა და გლობალური კლიმატური პრობლემების ხანაში, სახელმწიფოების მიდგომა უნდა იყოს კომპლექსური და დაბალანსებული.

მინისტერიალის მონაწილეებმა იმსჯელეს მდგრად ურბანიზაციასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მრავალდონიან და მრავალ სექტორულ  ღონისძიებებზე. აღნიშნეს, რომ ქალაქებმა გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში და მნიშვნელოვანია სახელმწიფოებმა პრიორიტეტად აქციონ პარიზის შეთანხმებით განსაზღვრული მიზნის მიღწევა ქალაქების და რეგიონების ურბანიზაციის  პროცესში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, მინისტერიალს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

გამოგვყევით