საერთაშორისო ბაზრებზე, საშუალოვადიან პერიოდში, ნავთობი გაიაფდება. ანალიტიკოსების განმარტებით, მოთხოვნა - მიწოდების დინამიკიდან გამომდინარე, გლობალურ ბირჟებზე, ბოლო თვეების განმავლობაში, ნავთობის ფასის კლება შეინიშნება.
ამჟამად, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობი, თითქმის, 72 დოლარად ივაჭრება. Galt & Taggart -ის ცნობით, 2024 წლის ოქტომბერში ნავთობის ფასი თვიურად 1.9%-ით გაიზარდა, ვინაიდან თვის განმავლობაში ტრეიდერების ყურადღება მიმართული იყო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის, OPEC+-ის მიწოდების ცვლილებისა და აშშ-ის არჩევნების პოტენციური შედეგებისკენ. თუმცა, მათივე განმარტებით, ეს ზრდა ერთჯერადი აღმოჩნდა, რადგან ბოლო რამდენიმე თვეა, გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის სტაბილიზაცია მიმდინარეობს და ანალიტიკოსები ელიან, რომ ეს სურსათი მომავალშიც შენარჩუნდება. ამის თქმის საფუძველს მათ ნავთობზე შემცირებული მოთხოვნა აძლევთ.
„მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა შემცირებულია, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩინეთში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს. უნდა ითქვას, რომ ჩინეთი მსოფლიოში ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველია, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება კი ინვესტორებში შიშს იწვევს, რომ ნავთობის გლობალური მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება, რაც ფასებზე დამატებით ზეწოლას მოახდენს. მეორეს მხრივ, ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება, რასაც ცხადია შეუძლია, ნავთობის ფასების მატება გამოიწვიოს, თუმცა, ეს ჯერ არ ხდება და პირიქით, ნავთობი იაფდება. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები ელიან, რომ ფასების ვარდნა 2025-2026 წლებშიც გაგრძელდება. მსოფლიოს ტოპ საინვესტიციო ბანკების პროგნოზით, მომდევნო 2 წლის განავლობაში, ბრენტის ტიპის 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 78-75 დოლარის ფარგლებში იქნება“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart -ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ ზაფხულიდან მოყოლებული ამ დრომდე, საწვავის ფასების სტაბილურობა შეინიშნებოდა საქართველოშიც. თუმცა, ბოლო რამდენიმე დღეში, თითქმის ყველა კომპანიამ, ყველა ტიპის საწვავზე ფასები 2-დან 5 თეთრამდე გაზარდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტან იობაშვილი ფიქრობს, რომ ეს როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შედეგია, რადგან სანავთობო ბაზარი ყოველთვის მგრძნობიარეა გეო პოლიტიკური მოვლენების მიმართ და არჩევნების შემდგომ, რამდენიმე დღე გარკვეული მერყეობები იყო საერთაშორისო ბირჟებზეც. თუმცა, იობაშვილი ვარაუდობს, რომ საწვავის ფასები მეტად აღარ გაიზრდება.
ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების მონაცემებით, საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტმა მილიონ ტონას გადააჭარბა, მაშინ როდესაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანაში 976 ათას ტონამდე საწვავი შემოვიდა. შესაბამისად, იმპორტის ზრდა თითქმის 12%-ს შეადგენს.