„როდესაც ამხელა ჯგუფი ამხელა თანხას დებს შენს ქვეყანაში და რაც მთავარია, ხსნის რატომ აკეთებს ამ ინვესტიციას საქართველოში, ეს ძალიან საინტერესოა სხვა ინვესტორებისთვისაც“, - ასე შეაფასა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ უმსხვილესი კომპანია “იგლ ჰილსის” დამფუძნებლის მოჰამედ ალი ალაბარის გადაწყვეტილება, საქართველოში ჯამურად 6,6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერული პროექტების განხორციელების შესახებ.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია “იგლ ჰილსის” დამფუძნებელმა საინვესტიციო შეთანხმებას ხელი „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიცია საკუთარი მოცულობით რეკორდულია საქართველოს ისტორიაში.
„მოჰამედ ალი ალაბარმა ფორუმზე თქვა, რომ მას მოსწონს ეს ქვეყანა, მათ შორის აღიარა საქართველოს კულტურა, ბუნება, ადამიანები და ეს იყო ის ფაქტორები, რამაც მას აქ ინვესტირება გადააწყვეტინა. მაგრამ, ამ ერთი პროექტით ხომ არ სრულდება ეს ისტორია?! ის ადამიანები, რომლებიც უყურებენ გვერდიდან და ხედავენ, რომ ასეთი პოტენციალის და რესურსების მქონე კომპანია დებს ამხელა თანხას, ნიშნავს რომ ეს არის კარგი ადგილი საინვესტიციოდ. ძალიან ბევრი კომპანია იყო, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმს ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ევროპული კომპანიები, მათთვის ეს არის გადამდები, კარგი მაგალითი იმისთვის, რომ დაინახონ, თუ რატომ შეიძლება აქ ინვესტიციის განხორციელება“, - განმარტა ლევან ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით კომპანია Eagle Hills-ი შემოდის. პროექტის მასშტაბი შთამბეჭდავია, საუბარია სრულიად ახალი, თანამედროვე ურბანული ეკოსისტემების შექმნაზე.
„თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე, შენდება ახალი მწვანე ქალაქი - მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე, იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი - პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.