logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გარკვეული პერიოდის შემდეგ, სახელმწიფოს ექნება უკუგება ამ ბიზნესშეთანხმებიდან" - თორნიკე ზირაქიშვილი "იგლ ჰილსის" პროექტზე

"გარკვეული პერიოდის შემდეგ, სახელმწიფოს ექნება უკუგება ამ ბიზნესშეთანხმებიდან" - თორნიკე ზირაქიშვილი "იგლ ჰილსის" პროექტზე

1761247529

„დაახლოებით, წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ძალიან სერიოზული მუშაობა გავწიეთ აღნიშნულ კომპანიასთან ერთად. იყო არაერთი ტექნიკური და მაღალი დონის ვიზიტი, თავად ბატონი ალი ალაბარიც კი იმყოფებოდა რამდენჯერმე საქართველოში, რომ პირადად ენახა და მიეღო ეს გადაწყვეტილება“, - ასე შეაფასა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ, თორნიკე ზირაქიშვილმა უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია “იგლ ჰილსის” 6,6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება.

„დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვა, რომ ეს კომპანია უკვე საქართველოშია. ჩვენ სახეზე გვაქვს მათი გაყიდვების ოფისი, რომელიც თბილისი უკვე გაიხსნა და ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომ ერთი მხრივ სახელმწიფო გახდეს მეწილე ამ კომპანიაში და ასევე, მეორე მხრივ, საერთო კომპანიის ჩამოყალიბებაზე შევთანხმდით. მალე უკვე ვიხილავთ, რეალურ მშენებლობის პროცესზე გადასულ პროექტს“, - განმარტა „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, თავიდანვე ორივე მხარე მოიაზრებდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო კომერციული პროექტი.

„რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს მიწა, რომელიც იყო ძალიან კარგი ღირებულების და ჩვენი ინტერესიც იყო, რომ ამას ჰქონოდა კომერციული მიზნები. შესაბამისად, მათი მხრიდანაც შეთანხმება იყო მიღწეული, რომ სახელმწიფო გახდებოდა თანაპარტნიორი ამ პროექტის. გარკვეული პერიოდის შემდეგ, სახელმწიფოს ექნება უკუგება ამ ბიზნესშეთანხმებიდან“, - აღნიშნა თორნიკე ზირაქიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ჯამურად, დაახლოებით, 1000 ჰექტარამდე ფართობის განვითარებაა დაგეგმილი, სადაც გაშენდება მრავალფუნქციური კომპლექსი.

შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია “იგლ ჰილსის” დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას, რომელთა ფარგლებშიც “იგლ ჰილსი” თბილისსა და გონიოში, ჯამურად, 6,6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. ხელმოწერა გუშინ, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიცია საკუთარი მოცულობით რეკორდულია საქართველოს ისტორიაში.

გამოგვყევით