„შავი ზღვის კაბელი შექმნის პირდაპირ კომუნიკაციას იმ ბაზრებთან, სადაც ელექტროენერგიის გადადინება, გაყიდვა ინვესტორისთვის იქნება ძალიან საინტერესო“, - ასე შეაფასა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი.
როგორც მან განმარტა, საქართველოს დღევანდელი მთავრობის ხელმძღვანელობა მიმართულია სწორედ ამ ტიპის პროექტების განხორციელებისკენ.
„მათი გაცხადებული პოლიტიკა ცალსახად ვიცით, რომ არის იმ ორი მსხვილი ენერგეტიკული პროექტის განხორციელება და დასრულება, რომელზედაც მე ვფიქრობ, მომავალში, დიდწილად დამოკიდებული იქნება ქართული ენერგეტიკის განვითარება. ამას გარდა, იგეგმება კიდევ ერთი პროექტი - კერძოდ, შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომელიც შექმნის პირდაპირ კომუნიკაციას იმ ბაზრებთან, სადაც ელექტროენერგიის გადინება, გაყიდვა ინვესტორისთვის იქნება ძალიან საინტერესო. შესაბამისად, ამ პროექტების განხორციელება შექმნის დამატებით მოტივაციას, რომ საქართველოში კიდევ სხვა ტიპის ელექტროსადგურებში ჩაიდოს ინვესტიცია, რომ საბოლოო ჯამში, მივიღოთ ძალიან მდგრადი ენერგეტიკული სისტემა, რომელიც პირველ რიგში ჩვენ დაგვაკმაყოფილებს და მეორეს მხრივ, გვექნება შესაძლებლობა, საკმაოდ მაღალი ტარიფის მქონე ქვეყნებში გავიდეს ეს ელექტროენერგია და გაიყიდოს“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე განმარტებით, დღეს, არ არის მარტივი სიტუაცია, ვინაიდან გლობალურ ბაზარზე კონკურენცია იზრდება, თუმცა საქართველოს თავისი უპირატესობები აქვს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მაღალი კონკურენცია გაჩნდა. ხვალ და ზეგ შეიძლება სომხეთმა გახსნას თურქეთი-აზერბაიჯანის სატრანზიტო გზა, რაც აზერბაიჯანის ენერგორესურსების თურქეთში გატანას შეუწყობს ხელს. თუმცა, რაც ჩვენ ექსკლუზიურად გვაქვს ეს არის შავი ზღვა და პირდაპირი დამაკავშირებელი კაბელი, რომლის პროექტიც შეიძლება მალე განვახორციელოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროექტი შედგეს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.