logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბიზნესი არის ნომერ პირველი ბენეფიციარი იმ შედეგების, რაც ამ ტიპის ფორუმებს მოჰყვება" - ლევან ვეფხვაძე

"ბიზნესი არის ნომერ პირველი ბენეფიციარი იმ შედეგების, რაც ამ ტიპის ფორუმებს მოჰყვება" - ლევან ვეფხვაძე

1761244103

შეიძლება პირდაპირ ასე ბიზნესი არ ჩანს პანელურ დისკუსიებში, მაგრამ ბიზნესი არის ნომერ პირველი ბენეფიციარი იმ შედეგების, რაც ამ ტიპის ფორუმებს მოჰყვება - ასე შეაფასა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ლევან ვეფხვაძემ - საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელსაც წელს საქართველომ უკვე მეხუთედ უმასპინძლა.

მისივე თქმით, ეს არის კავშირების ზრდა, მეტი კავშირი და კომუნიკაცია კი აჩენს მეტ შესაძლებლობებს საინვესტიციოდ.

„ბიზნესი კეთდება ურთიერთობებში, ნეთვორქინგში, რაც მეტი კომუნიკაცია გაქვს - მით მეტი შესაძლებლობები ჩნდება. როცა ასეთი მასშტაბური ფორუმია, ასეთი მაღალი წარმომადგენლობაა და შენ ამ ადამიანებთან კომუნიკაცია შეგიძლია, სწორედ ეს არის ის პოტენციალი, რომელსაც შემდგომში ყველა კომპანია იყენებს და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ინფორმაცია მიგვეწოდებინა ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის, რათა ისინი ჩართულები ყოფილიყვნენ ამ ფორუმში. სხვათა შორის, იყო ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრები ჩვენს წევრ კომპანიებსა და მათ პოტენციურ პარტნიორებს შორის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებთანაც ხვალ და ზეგ შესაძკია გაჩნდეს ახალი ბიზნესკომუნიკაცია“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, იყოს დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის.

„ეს პროცესი უკვე მიდის და მთავარი არის, რომ იმ მოთხოვნას, რომელიც უკვე არსებობს, ჩვენ ჯეროვნად ვუპასუხოთ, მათ შორის ინფრასტრუქტურით. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მარშრუტში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან საერთო კოორდინაცია და მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა ვეფხვაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში.

შეგახსენებთ, თბილისში,საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22 -23 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის  ფორუმი მეხუთედ გაიმართა.  მასში მონაწილეობას 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისითვის, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

გამოგვყევით