"დღევანდელი მოცემულობით არსებობს შესაძლებლობა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გაგრძელდეს," - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსმა თამთა სოფრომაძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა.
"ინფლაციური მოლოდინები ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღებისას. ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება ახლაც და მომავალშიც. შესაბამისად, ამ და სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს შემცირებას. ჩვენი გრძელვადიანი ორიენტირი სადამდეც შევამცირებთ განაკვეთს არის 7%. დღევანდელი მოცემულობით გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ შემცირება, თუმცა შემდეგი სხდომისათვის ინფლაციური ყველა რისკის დეტალური ანალიზის შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში პოლიტიკურად ცხელი ტემპერატურა იყო ინფლაციური მოლოდინები მაინც შემცირებულია და ის პოზიტიური მოლოდინები როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე ნებისმიერი ეკონომიკური ფუნდამენტური ანალიზისას ეს პოზიტიური მოლოდინები ნარჩუნდება. ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები არის ჩვენთვის მთავარი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღებისას", - აცხადებს თამთა სოფრომაძე.