საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ განუცხადა, მნიშვნელოვნად მოიმატა ჩინელი მოგზაურების რიცხვმა, რადგან წელს საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა.
„2024 წელი შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იყო წინა წელთან შედარებით, ბევრად უფრო აქტიური. ჩვენ ვნახეთ საფასო ინდექსის, ასევე დატვირთულობის ზრდა, საშუალოდ, 10%-ით. კონკრეტულ ციფრებზე რომ ვისაუბროთ - იანვარი, თებერვალი და მარტი, რომლებიც იყო დაბალი სეზონი ჩვენთვის, გვქონდა საშუალო დატვირთულობა 65%, ხოლო აპრილის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით, დატვირთულობა მერყეობდა 80-85%-ის ფარგლებში. ძირითადად, ჩვენს სტუმრებზე დაკვირვებით, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში წელს აქტიურად შემოდიოდნენ ისრაელიდან, არაბული ქვეყნებიდან, მეზობელი ქვეყნებიდან და ევროპიდან. ასევე გააქტიურდა ის სხვადასხვა ახალი ბაზარი და მიმართულება, რომლებთანაც პირდაპირი ავიარეისები დაინიშნა. მაგალითად, მიმდინარე წელს გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა ჩინეთიდან და მგონია, რომ მათი რიცხვი ქვეყანაში კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან არის უვიზო რეჟიმი და ამას ემატება პირდაპირი ფრენები საქართველოსკენ, რაც ძალიან ამარტივებს მათ მოგზაურობას“, - აღნიშნა HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიას საახალწლო ჯავშნების მიღებაც უკვე დაწყებული აქვს, შესაბამისად, ელიან, რომ მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალიც, როგორც მოთხოვნის, ისე შემოსავლების კუთხით წარმატებული იქნება. გარდა ამისა, გიორგი დოლიძე ყურადღებას ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ წელს გაზრდილია განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა და ის 6 ღამეს აღემატება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა იანვარი-სექტემბრის პერიოდში სამ-ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 6,5%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, რაც ჯამურად 456 მილიონ დოლარს გაუტოლდა. შემოსავლების რეკორდული ზრდა დაფიქსირდება ასევე ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან.