„თამბაქოს ინდუსტრია აგრესიულად ნერგავს ნიკოტინის ბალიშებს და ელექტრონულ სიგარეტებს (ე.წ. „ვეიპებს,) რომელთა დიზაინი და არომატები პირდაპირ მოზარდებზეა გათვლილი. ამიტომაც დღეს, მსოფლიოს ყველა ქვეყანას თითქმის ერთნაირი გამოწვევა აქვს, თუმცა, რადიკალურად განსხვავებულია ქვეყნების რეაგირება ამ საფრთხეზე” - ამ განცხადებით დაიწყო საერთაშორისო ორგანიზაციამ „კამპანია თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვებისთვის“ (Campaign for Tobacco-Free Kids) სტამბოლში 2026 წლის თამბაქოს კონტროლის გლობალური ახალგაზრდა ელჩების სამიტი (YAS! – Young Ambassadors Summit).
მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაზე მსოფლიოს 5 კონტინენტიდან შერჩეული 31 ახალგაზრდა ლიდერი შეიკრიბა. მათ შორის საქართველოდანაც.
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, სანამ ევროპის განვითარებული ქვეყნები მყისიერად ახდენენ კანონმდებლობის ადაპტირებას, აწესებენ მკაცრ რეგულაციებსა თუ სრულ აკრძალვებს, იმ სახელმწიფოებში, სადაც თამბაქოს ინდუსტრიის მთავრობაზე გავლენის ინდექსი (Tobacco Industry Interference Index) მაღალია, პროცესები ხელოვნურად ფერხდება.
“ასეთ ქვეყნებში ინდუსტრია წარმატებით ახორციელებს ლობირებას, რათა შეინარჩუნოს საკანონმდებლო ხვრელები, დაბალი გადასახადები და შეუზღუდავად აგრესიული მარკეტინგი, რაც პირდაპირ აისახება მოზარდებში ნიკოტინზე დამოკიდებულების ზრდაზე,“ - განმარტავს ორგანიზაცია.
ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, ტრადიციული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეთოდები ხშირად ვერ უმკლავდება ინდუსტრიის თანამედროვე, ციფრულ ტაქტიკას. სწორედ ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია გაძლიერება ახალგაზრდა ელჩებისა, რომლებიც თავად არიან თამბაქოს ინდუსტრიის სამიზნე თაობის წარმომადგენლები.
ჯოშუა აბრამსი, Campaign for Tobacco-Free Kids ევრაზიის პროგრამების რეგიონული დირექტორი:
თამბაქოსა და ნიკოტინის ახალი თაობის პროდუქტების გავრცელება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სერიოზული გამოწვევაა. განსაკუთრებით საყურადღებოა ელექტრონული სიგარეტები, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი და ნიკოტინის ბალიშები, რომელთა ხელმისაწვდომობა და მიმზიდველობა ზრდის ახალგაზრდების ნიკოტინზე დამოკიდებულების განვითარების რისკს.
ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვაა. დაუშვებელია, თამბაქოს ინდუსტრიის კომერციულმა ინტერესებმა საფრთხე შეუქმნას მომავალი თაობების კეთილდღეობას. ამიტომაც აუცილებელია, სახელმწიფოებმა დროულად მიიღონ ეფექტიანი რეგულაციები, შეზღუდონ ახალგაზრდებისთვის ამ პროდუქტების ხელმისაწვდომობა და მოქმედი კანონმდებლობა მკაცრად აღასრულონ.
შორენა კოპალიანი, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი:
საქართველოსთვის, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყნისთვის, უდიდესი გამოწვევაა ელექტრონული სიგარეტების ბუმი მოზარდებში და თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობები, გავლენა მოახდინოს პოლიტიკის განსაზღვრაზე. ევროპული ქვეყნების მაგალითი გვიჩვენებს, რომ მკაცრი, დაუყოვნებლივი რეგულირება ერთადერთი გამოსავალია. საერთაშორისო კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება გვაძლევს ზუსტ სტრატეგიას, როგორ გავაძლიეროთ ადვოკატირება საქართველოში, რათა დავძლიოთ ინდუსტრიის ჩარევა და ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობა ბიზნესინტერესებზე მაღლა დავაყენოთ. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბაზარზე არსებული თამბაქოს, მრავალფეროვანი არომატების მქონე პროდუქტების დაბალი ფასი. ის უნდა გაიზარდოს, რათა ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობა შემცირდეს.

სამიტზე აღინიშნა, რომ მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციების არსებობა არ კმარა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად. კანონი მხოლოდ მაშინ აღწევს მიზანს, როდესაც რეალურად აღსრულდება. შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობა და რეგულაციების შესრულების სისტემური მონიტორინგი. სწორედ ამიტომ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის წარმატება უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მიღებული კანონების სიმკაცრით, იმითაც, რამდენად ეფექტიანად სრულდება პრაქტიკაში.