logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მყარი საფუძველია"

"ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მყარი საფუძველია"

1755266202

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრი ადგილობრივ მეწარმეებს და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს შეხვდა.

„ყველა იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან რეგულარულად ვმართავ შეხვედრებს. დღეს სამცხე-ჯავახეთში ვიმყოფებოდით.

ვფიქრობ, ასეთი უშუალო, პირდაპირი კომუნიკაცია საუკეთესო საშუალებაა, მაქსიმალურად ოპერატიულად მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის,  მიმდინარე პროგრამებში შევიტანოთ საჭირო ცვლილებები, შევიმუშაოთ ახლებური მიდგომები, თუ ასეთი მოთხოვნა არსებობს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრი შპს „მესხეთის მეფრინველეობის“ ფერმაში, შპს „გეო ფლაუერსის“ ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამმუშავებელ საწარმოში და შპს „წიფორა-სამცხეში“ მიმდინარე წარმოების პროცესებს გაეცნო.

„უკვე ათეულ წელზე მეტია, წარმოების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებს. ადგილობრივი წარმოების განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მყარი საფუძველია.  სახელწიფო პროგრამები ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს. შესაბამისად, წარმატებული შედეგი გაცილებით მოკლე დროშია მიღწევადი. სახელწიფო მხარში უდგას მეწარმეს საქმიანობის ყველა ეტაპზე. წარმატების მაჩვენებელია სულ უფრო მეტი ათვისებული სასოფლო-სამეურნეო ფართობი, მეტი ქართული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე და მზარდი ექსპორტი. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გრძელდება ყველა იმ საჭიროების გათვალისწინებით, რაც ფერმერებს და მეწარმეებს აქვთ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბორჯომსა და ახალციხეში შევხვდით სამინისტროს სისტემაში შემავალი რამდენიმე უწყების თანამშრომლებს - დაცული ტერიტორიების რეინჯერებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებს, ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს. ყველა ასეთი შეხვედრის მიზანია გამოწვევების და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაციის უშუალოდ თანამშრომლებისგან მიღება. მათი სამუშაო პირობები - ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა არის აუცილებელი პირობები იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც თითოეულ სამსახურს აკისრია. ამ სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირება კი, ქვეყნის განვითარების და წინსვლის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გამოგვყევით