ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი გამოფენაში - ProWine Shanghai, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა.
„ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთის სახლახო რესპუბლიკაში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის მარკეტინგულ კამპანიას. ProWine Shanghai-ის და მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენები უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის, რადგან მათ ღვინის წამყვანი სპეციალისტები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ProWine Shanghai-ს, ტრადიციულად, საერთო ჯამში, 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ, რომელიც აღნიშნულ გამოფენას დაესწრო.
ამასთან ერთად, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო გამოფენის ფარგლებში გამართულ „ქარვისფერი ღვინის სიმპოზიუმზე“, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წამყვანი ღვინის ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები დაესწრნენ. სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 13 ქვეყანა, მათ შორის, იტალია, საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ავსტრია და სხვა. სიმპოზიუმზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსოფლიო ღვინის ბაზარზე იზრდება ქარვისფერ ღვინოზე მოთხოვნა და, საქართველოსთან ერთად, სადაც სათავეს იღებს ქარვისფერი ღვინო, მისი წარმოებით სულ უფრო მეტი და მეტი ქვეყანა ინტერესდება.
სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის, მათ შორის, ქარვისფერი ღვინის, ქართულ და ჩინურ კერძებთან შეხამების მასტერკლასი, რომელსაც ცნობილი ქართველი შეფმზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე ჩინელ კოლეგასთან ერთად უძღვებოდა.