მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი IWSC წელს საქართველოში მეხუთედ დაბრუნდება და საიუბილეო ღონისძიებას გამართავს. კონკურსი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველი მეღვინეებისთვის, კიდევ უფრო გააძლიერონ ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობა, მოიპოვონ პროფესიული აღიარება და დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები გლობალურ ბაზარზე.
IWSC 2027 Wine & Spirits Judging in Georgia, რომელიც საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და გურჯაანის ღვინის ფესტივალთან პარტნიორობით ეწყობა, პირველად იმერეთის რეგიონში, ქუთაისში ჩატარდება. ჟიურის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართული ღვინის მრავალფეროვნება დასავლეთ საქართველოს მაგალითზე აღმოაჩინონ. 2027 წლის ღვინისა და სპირტიანი სასმელების შეფასების ღონისძიება 23–28 ნოემბერს, გაიმართება.
საქართველოში IWSC-ის მეხუთე ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ღვინის მიმართ საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების მზარდ ინტერესს და ქვეყნის, როგორც ღვინის უძველესი კულტურისა და მრავალფეროვანი მეღვინეობის ტრადიციების მქონე სახელმწიფოს, პოზიციონირების მნიშვნელობას.
კონკურსში მონაწილეობა ქართველ მეღვინეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო დონის ექსპერტების შეფასებით წარადგინონ, მიიღონ გლობალური აღიარება და გაზარდონ ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი.
ტრადიციულად, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა შორის იქნებიან დიდი ბრიტანეთის წამყვანი ღვინის დიერები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები. მათი გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.ჟიურის შემადგენლობას IWSC-ის გამოცდილი მსაჯი, Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნის Trivet-ის დამფუძნებელი და დირექტორი ისა ბალი (Isa Bal MS) უხელმძღვანელებს, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და განვითარებადი რეგიონების აქტიური მხარდამჭერია. ღვინის დანარჩენი მსაჯების, ისევე როგორც სპირტიანი სასმელების ჟიურის წევრთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
რა შესაძლებლობებს ქმნის IWSC-ის მედალი ქართველი მეღვინეებისთვის?
- საერთაშორისო აღიარება და ახალი ბაზრები: IWSC-ის მედალი ღვინის ხარისხის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც მწარმოებლებს ეხმარება პროდუქციის პოზიციონირებაში, საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვასა და ახალ ბაზრებზე დამკვიდრებაში.
- წარდგენა London Wine Fair 2027-ზე: გამარჯვებული ღვინოები წარმოდგენილი იქნება ლონდონის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე – London Wine Fair 2027-ზე, რომელსაც ყოველწლიურად 10 000-ზე მეტი პროფესიონალი და მედიის წარმომადგენელი სტუმრობს.
- საერთაშორისო მედიაგაშუქება და პოპულარიზაცია: კონკურსში წარმატებული ღვინოების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება IWSC-ის საერთაშორისო საკომუნიკაციო პლატფორმებსა და ღვინის წამყვან მედიასაშუალებებში, მათ შორის: IWSC Website; Club Oenologique; The Drinking Hour;
The Buyer. - ოქროს მედლის მფლობელთა საერთაშორისო აღიარება: ოქროს მედლის მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება IWSC Awards Celebration-ზე –
საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელსაც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.
2027 წლის კონკურსის შეფასების შედეგები 7 დეკემბერს გამოცხადდება. IWSC-ის მეხუთე საიუბილეო ღონისძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ღვინის საერთაშორისო პოზიციების გასაძლიერებლად და ქართველი მეღვინეებისთვის იმ შესაძლებლობების გასაფართოებლად, რომლებიც ადგილობრივ პროდუქტს მსოფლიო ბაზარზე მეტ ცნობადობასა და კონკურენტუნარიანობას შესძენს.
მონაწილეობისთვის შეავსეთ განაცხადი:
https://iwsc.net/iwsc-2027-wine-and-spirit-judging-in
2022 წლიდან მოყოლებული, IWSC საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო პროექტად ჩამოყალიბდა. პროექტის მთავარი მიზანია საერთაშორისო ექსპერტები უშუალოდ საქართველოში გაეცნონ ქართულ ღვინოს, მის ისტორიას, კულტურასა და მეღვინეებს. შეფასების პარალელურად, ჟიურის წევრები სტუმრობენ მეღვინეობებს, ხვდებიან მეღვინეებს და ადგილზე ეცნობიან ქვეყნის მეღვინეობის მრავალფეროვნებას. ეს მათ საშუალებას აძლევს უკეთ გაიაზრონ ქართული ღვინის, მისი ისტორიისა და კულტურის უნიკალურობა.