logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ჯიღაურაში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებული ვაზის ჯიშებისა და საძირეების კვლევა მიმდინარეობს

ჯიღაურაში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებული ვაზის ჯიშებისა და საძირეების კვლევა მიმდინარეობს

1788956759

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ვაზის საკოლექციო ბაზაზე კულტურული ვაზის ჯიშებისა და ფილოქსერაგამძლე საძირეების შესწავლის მიზნით ახალი საცდელი ნაკვეთები გაშენდა.

კულტურული ვაზის 279 ჯიშის საკვირტე მასალა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საფრანგეთის აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRAE) კუთვნილი ვაზის კოლექციიდან მიიღო. აღნიშნული სამუშაოები ცენტრსა და INRAE-ს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო პროექტის „279 Network“ ნაწილია.

„279 Network“ საერთაშორისო კონსორციუმის ფორმატში მიმდინარე კვლევითი პროექტია, რომლის ფარგლებში ერთნაირი ვაზის ჯიშებითა და ერთიანი გაშენების სქემით საცდელი ნაკვეთები სხვადასხვა ქვეყანაში იქმნება. პროექტში საფრანგეთის გარდა, ევროპის რამდენიმე წამყვანი მევენახეობის ქვეყანა, ისრაელი, ამერიკა და საქართველო მონაწილეობენ.

პროექტის მთავარი მიზანია ერთი და იმავე ვაზის გენოტიპების განსხვავებულ კლიმატურ და გარემო პირობებში ქცევის შესწავლა და ვაზის გენოტიპსა და გარემოს შორის ურთიერთქმედების (G×E) შეფასება. სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული მონაცემების ერთობლივი ანალიზი მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ შეაფასონ ვაზის ჯიშების ადაპტაციის უნარი განსხვავებულ პირობებში.

კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების პირობებთან უკეთ ადაპტირებული ვაზის ჯიშების შერჩევისა და სელექციის პროცესის დაჩქარებას, ასევე სხვადასხვა გარემო პირობებში ვაზის რეაქციის პროგნოზირების შესაძლებლობების განვითარებას.

ჯიღაურაში, ასევე, იტალიიდან შემოტანილი ახალი თაობის სელექციური ფილოქსერაგამძლე საძირეების - M2-ისა და M4-ის საცდელი ნაკვეთები გაშენდა.

საძირეების კვლევის მიზანია მათი ნიადაგურ და კლიმატურ პირობებთან ადაპტაციის, ვაზის ზრდისა და მოსავლიანობის თავისებურებების შესწავლა. მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების პირობებში ვენახების მდგრადობის გაზრდისა და ხარისხიანი, სტაბილური მოსავლის უზრუნველყოფისთვის.

ჯიღაურას ვაზის საკოლექციო ბაზაზე მიმდინარე კვლევები ხელს უწყობს საქართველოს მევენახეობისათვის პერსპექტიული ვაზის გენოტიპებისა და საძირეების გამოვლენას და თანამედროვე, მდგრადი მევენახეობის განვითარებას.

გამოგვყევით