პურის მწარმოებელთა ნაწილი ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გაუქმებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიები პურის გაძვირებას არ გამორიცხავენ.
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი გაიზარდა და 54 ლარის ფარგლებშია, შესაბამისად, პურის მწარმოებელ კომპანიებს უჭირთ სოციალური დანიშნულების პროდუქტზე ძველი ფასის შენარჩუნება.
ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2023 წელს დაწესდა და ტონაზე 250 ლარს შეადგენს.
„მეპურეები ვითხოვთ, რომ იმპორტის გადასახადი, რომელიც დაწესებულია, ეს არის დროებითი გადასახადი, შეჩერდეს, რათა გვქონდეს იმის საშუალება, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს. ეს იქნება იმის საშუალება, რომ ხელმისაწვდომობა გვქონდეს იმ ფქვილზე, რითაც შესაძლებელია, შევინარჩუნოთ პურზე არსებული ფასი. თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ ჯერჯერობით მაღაზიებში პურის ფასი არ შეცვლილა. ვცდილობთ, ეს შევინარჩუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ ფქვილზე ფასებმა მოიმატა. მოლოდინის რეჟიმში ვართ, კომუნიკაცია შედგება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს და ალბათ რაღაცა დასკვნებს გამოვიტანთ, იმიტომ, რომ აქ არის, როგორც მეხორბლეთა ინტერესები, ფქვილის მწარმოებლების ინტერესები და, რა თქმა უნდა, მცხობელთა ინტერესები. იმ შემთხვევაში თუ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ მოიხსნა, პირდაპირ გეტყვით, აქ ლაპარაკია 10-15 თეთრზე, დაახლოებით ასეა. ესეც თუ შევადარებთ მეზობელ ქვეყნებს და მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ იმ სტაბილიზაციას, რასაც ჰქვია პურის ცხობა. პირველი ხარისხის პურის ცხობისთვის ფქვილის ღირებულება 52 ლარზე უნდა შენარჩუნებულიყო. ბოლო პერიოდში იყო 50 ლარიც, 51 ლარიც, დღეს 54 ლარია. ამას ემატება პლუს სატრანსპორტო გადასახადი და 55 ლარამდე იზრდება. კალკულაციაში ვეღარ ვეტევით“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
საიმპორტო გადასახადის გაუქმებას წისქვილკომბინატები არ ეთანხმებიან.
„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, თუკი საიმპორტო გადასახადი მოიხსნება, ეს წისქვილკომბინატების დახურვას გამოიწვევს.
მხარეები სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრთან შეხვედრას ელოდებიან, რათა პურის გაძვირების პრევენციისთვის თავიანთი წინადადებები წარუდგინონ.
„გასაგებია, რომ ბატონი მალხაზ დოლიძე თავისი ინდუსტრიიდან გამომდინარე, თავის პრობლემაზე საუბრობს, იქიდან გამომდინარე, რომ ფასთან მიმართებაში გარკვეული გამოწვევებია, რაშიც ვეთანხმებით. ზოგადად, რა პრობლემებზეც საუბრობს ბატონი მალხაზი, იგივე პრობლემები აქვს წისქვილკომბინატებსაც. პური არის სენსიტიური თემა, შესაბამისად, ჩვენი და მეპურეთა ხედვა არის ის რომ პური, ფქვილი და ხორბალი უნდა იყოს განსაკუთრებულად გამოყოფილი თემა და შესაბამისად, სახელმწიფოს მუდმივი ზრუნვის და მონიტორინგის ქვეშ. რეალურად, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნეს სამივე დარგის – ეს არის პურის ქარხნები, წისქვილკომბინატები და თვითონ ფერმერული მეურნეობა. ფქვილზე საიმპორტო გადასახადის მოხსნა ნიშნავს იმას, რომ წისქვილკომბინატები უნდა გაჩერდნენ და სეზონზე ხორბალი ვერ ჩაიბარონ, ანუ ორ დარგს ექმნება პრობლემა. შესაბამისად, ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ საჭიროა გადაწყვეტილების მიღება, სადაც გათვალისწინებული იქნება სამივე დარგის ინტერესი“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.
1tv.ge