გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებას მოაწერეს ხელი.
დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა კავკასიის ბუნების ფონდს მრავალი წლის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.
მინისტრის განცხადებით, მემორანდუმის განახლება საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ბუნების კონსერვაციის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„განახლებული თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში დაცული ტერიტორიების შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას, არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ბუნების კონსერვაციასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებასაც ითვალისწინებს. დარწმუნებული ვარ, რომ კავკასიის ბუნების ფონდთან განახლებული პარტნიორობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაში დაგვეხმარება“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„თვალსაჩინოა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანა მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ამ პროცესის ნაწილი ვართ. დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით, წინ განსაკუთრებით საინტერესო წელი გველოდება“,- განაცხადა დევიდ მორისონმა.
განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის ბუნების ფონდი ხელს შეუწყობს კახეთში, ცივ-გომბორის ახალი დაცული ტერიტორიის განვითარებას. საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია ვისის ფონდის (Wyss Foundation) მხარდაჭერით, კავკასიის ბუნების ფონდი ასევე გააგრძელებს დაცული ტერიტორიების განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ფარგლებში, Wyss Foundation-ის მიერ კავკასიის ბუნების ფონდისთვის
გამოყოფილი გრანტის საერთო მოცულობა 7.25 მილიონამდე დოლარს შეადგენს. კავკასიის ბუნების ფონდის და სხვა დამატებითი დონორების თანადაფინანსების გათვალისწინებით, პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 11 მილიონ დოლარს შეადგენს და 5 წლის პერიოდზეა გათვლილი.
მემორანდუმის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვას, პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემების განვითარებასა და ადგილობრივ თემებთან პარტნიორობის გაღრმავებას.
საქართველოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის დაცული ტერიტორიების მიმართულებით თანამშრომლობა 2008 წელს დაიწყო და ფონდის მხარდაჭერით, საქართველოში 15 დაცული ტერიტორია განვითარდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.