საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარის, შალვა ხეცურიანის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობა ქართული ღვინისთვის საუკეთესო პირობებს შექმნიდა.
„რა იქნებოდა იდეალური სიტუაცია ქართული ღვინისთვის და არა მარტო ღვინისთვის, პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენ რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ევროკავშირმა შიგნიდან უნდა აღმოაჩინოს, რომ ჰყავს ასეთი ახალი ქვეყანა, რომელმაც შეინარჩუნა ღვინის წარმოების არქაული წესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან საინტერესო ქვეყანა ვართ. მეორე, ეს არის კლასიფიცირებული ვენახები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვევრის კლასიფიკაცია“,- აღნიშნა შალვა ხეცურიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს შანსი, მთლიან წარმოებაში გაზარდოს ბუნებრივი ღვინის წილი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ აქ საუბარია მხოლოდ მაღალ ხარისხზე.
„მნიშვნელოვანია აქცენტი ესთეტიკაზე, გარემოზე, სისუფთავეზე. ასევე, ნაკლები ღვინის ფაშიზმი და შოვინიზმი, საკუთარი თავით აღტყინება, ეს გვიშლის ხელს ხარისხის მიღწევაში, და კიდევ მნიშვნელოვანია განათლება, ამერიკული, ფრანგული, გერმანული და სხვა, რადგან ვენახშიც, ღვინოშიც, მარკეტინგშიც, უცხოური საინტერესო გამოცდილებები ნამდვილად გვჭირდება, რომ გავძლიერდეთ და არა დავაკოპიროთ“, - განაცხადა შალვა ხეცურიანმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში.