გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 70-ე გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობენ.
გენერალური კონფერენცია ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა მთავარი ყოველწლიური ფორუმია, რომელიც ქალაქ ვენაში იმართება. კონფერენციის ფარგლებში განიხილება სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, განისაზღვრება ორგანიზაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, ასევე განიხილება ბირთვული ტექნოლოგიების მშვიდობიან გამოყენებასთან, ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებასთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.
IAEA-ს 70-ე გენერალურ კონფერენციაში 150-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი მონაწილეობს.
„საქართველოსთვის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. IAEA-ს მხარდაჭერით ქვეყანაში არაერთი პროექტი ხორციელდება, რაც ხელს უწყობს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და პროფესიული ცოდნის განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარება და რეგიონული კავშირების კიდევ უფრო გაძლიერება“- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
გენერალური კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის IAEA-ს წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს ტექნიკური თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ.
შეხვედრებზე განიხილება რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის მექანიზმები, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების და ტრენინგების შემუშავების საკითხები.