სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დარღვევები გამოვლინდა აჭარასა და თბილისში მდებარე კაფე-ბარებში, რესტორნებსა და სასადილოებში.
აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თურქულ რესტორანში (შპს ,,უმუთ”, ს/კ 439409294, ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ახალსოფელი) განმეორებით დააფიქსირეს ვადაგასული საქონლის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და არაკრიტიკული შეუსაბამობების შეუსრულებლობა, რის გამოც ბიზნესოპერატორი 3000 ლარით დაჯარიმდა.
კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა კაფე-ბარ-რესტორან ,,იემენს” ბათუმში (შპს ,,ისტ იემენი”, ს/ნ 400360603, რუსთაველის #61), ინდივიდუალურ მეწარმე ხ. შ-ს (მამას რესტორანი, ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 300ა), სადაც დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები, ასევე სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი; შპს ,,ჩუქუროვა ლეზზეთს” (ს/კ 437082620, ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 300 ა), სადაც სხვა დარღვევებთან ერთად დაფიქსირდა ცხვრის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.
სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის 5-ში, ავტოფარეხებში განთავსებული სასადილოები შეამოწმეს. ფიზიკური პირების ხ. ხ-სა დ.ფ-ს ობიექტებს არ აქვთ შესრულებული სააგენტოს მითითება კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით; გარდა ამისა, არ არიან რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რის გამოც დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საქმიანობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა აწარმოონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.