logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

კარიერული მენტორინგის პლატფორმა Restart წლის ბოლომდე ამოქმედდება

დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული პლატფორმა - Restart წლის ბოლომდე ამოქმედდება, - ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებელმა  ნინო გვაგვალიამ "ბიზნესპარტნიორტთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სერვისი უკვე არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მოიცავს. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა   დაინტერესებულ პირს სტარტაპ კომპანიასთან  დაკავშირების გზით   შეუძლია. 

როგორც გვაგვალია აღნიშნავს, პლატფორმის შექმნის შემდეგ კი აღნიშნული სერვისის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება. 

როგორც გვაგვალია აცხადებს,  ეს არის დასაქმების პლატფორმა, რომელიც  არის უწყვეტი შუამავალი სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის.

"ყველა პლატფორმა, რომელიც დღეს არსებობს უშუალოდ ორიენტირებულია მხოლოდ ინფორმაციის გაზიარებაზე. ჩვენი პლატფორმა კი ორიენტირებულია შედეგზე როგორც დასაქმებაზე. ჩვენ ვცდილობთ სამუშაოს მაძიებლების დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც აადვილებს, ამარტივებს დაა შანსებს ზრდის დასაქმების შრომის ბაზარზე. ეს არის კარიერული მენტორინგი. მენტორი უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებლისთვის კონსულტაციის გაწევას, დიაგნოსტირებას, ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შექმნას, საქმიანი პორტფოლიოს მოწესრიგებას, 1-წუთიანი ვიდეოს შექმნას, შემდეგ ვიდეო ჩანაწერების საშუალებით სიმულაციური ინტერვიუების ჩაწერას. ამის შემდეგ ხდება შეთავაზებების გაკეთება პოტენციურ დამსაქმებელთან. ჩვენ, ფაქტობრივად, სამუშაოს მაძიებლების კარიერული მხარდამჭერები ვართ. 

აღნიშნული სერვისი უკვე არსებობს და ხელმისაწვდომია სამეგრელოს რეგიონის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თუმცა იმისთვის, რომ ეს მასშტაბური გახდეს, გვჭირდება პლატფორმის შექმნა, რომელსაც ძალიან მალე დავიწყებთ. ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს სტარტაპი შრომის ბაზარზე გავა. 

სწორედ მოთხოვნიდან გამომდინარე, მოხდა ამ პლატფორმაზე ფიქრი.  ჩვენ დაახლოებით, 2021 წლიდან დღემდე  500 სამუშაოს მაძიებელი დავასაქმეთ, თუმცა სწავლება და გადამზადება გავლილი აქვს 1000-ზე მეტ ადამიანს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებლის მხარდაჭერას მანამ, სანამ არ დასაქმდება. აღნიშნული სერვისის ღირებულება ერთჯერადად 100 ლარი იქნება", - აცხადებს ნინო გვაგვალია.

ცნობისთვის, სტარტაპი Restart საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.

გამოგვყევით