ხელნაკეთი ხის წნულები და დეკორაციები ქართველ მომხმარებლებში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" სტარტაპი "წნული თეოსია"-ს დამფუძნებელი თეო გიორგაშვილი აცხადებს, პროდუქციის რეალიზაცია ონლაინ, სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. მათი ძირითადი ნაწილი კი პოპულარული ქართველ მომხმარებელშია.
მისი ინფორმაციით, სტარტაპი დღეს მომხმარებელს არაერთი სახის პროდუქტს სთავაზობს.
"ხელოვნება ჩემი საყვარელი საგანი იყო, თუმცა ხელოვნმებისადმი სიყვარული ბებიამ შთამაგონა. ბებიაც ხელსაქმით იყო დაკავებული და პირველად 8 წლის ასაკში, სიმინდის ჩალისგან მოვქსოვე კალათი."- აცხადებს თეო გიორგაშვილი.
მისივე თქმით, დაახლოებით 10 წლის წინ ძველი ჰობი გაიხსენა და გადაწყვიტა სახლისთვის დეკორაციები შეექმნა. სწორედ ასე შეიქმნა გრამაფონი.
"პირველი ნამუშევარი განვათავსე ჩემს პირად გვერდზე, სოციალურ ქსელში, რასაც დიდი მოწონება და გამოხმაურება მოყვა. მოთხოვნიდან გამომდინარე ეს საქმე ვაქციე ბიზნესად. ამ ეტაპზე ნებისმიერი წნულის დამზადება შემიძლია, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი აბაჟურები, კალათები და ჩანთებია.
სამუშაო პროცესი საკმაოდ შრომატევადია, ნივთის დამზადებამდე ბევრი ეტაპია გასავლელი. პირველ რიგში, იჭრება მასალა სანტიმეტრებად, თითოეული ფურცელი ეხვევა ლითონის ჩხირზე, იღებება ეკოხსნარებში, რადგან მივიღოთ სასურველი ფერი და იწყება მოწვნის პროცესი. ყველა დეტალი ეს იქნება ხის თუ მეტალის კონსტრუქცია, საკუთარი ხელით იწყობა და შემდეგ წნულით მუშავდება."-აღნიშნავს თეო გიორგაშვილი.
როგორც სტარტაპის დამფუძნებელი აცხადებს, ამ სფეროში კონკურენცია არის, თუმცა მისი ნამუშევარი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. სტარტაპის შორეული გეგმაა საკუთარი საწარმოს გახსნა, მანამდე კი პროდუქციის სავაჭრო ობიექტებში შეტანას განიხილავს.