logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

ქართულმა სტარტაპმა სიზმრების სოციალური ქსელი შექმნა, რომელიც აზიურ ბაზარზე შესვლასაც გეგმავს

ქართველმა ახალგაზრდებმა სიზმრების სოციალური ქსელი - სახელწოდებით Dreamy  შექმნეს, რომელიც ადამიანს ძილის დროს ნანახი ამბის ვიზუალიზაციის, ანალიზის, შენახვისა და მეგობრებისთვის გაზიარების საშუალებას აძლევს. პროდუქტი ქართული ბაზრისთვის ინოვაციურია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Dreamy-ის თანადამფუძნებელმა გიორგი ბუკიამ განუცხადა, სიზმრების ფსიქოანალიზისთვის პლატფორმა ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.

„ახალი სოციალური ქსელის გამოყენება საკმაოდ მარტივია და მისი საშუალებით ყველას შეეძლება ძილის დროს ნანახი დაუჯერებელი ამბების არა მხოლოდ სიტყვით, არამედ მოქმედებით გაცოცხლება. ტექსტის, ან ხმის მეშვეობით აპლიკაციას თქვენი სიზმრიდან ფრაგმენტს უყვებით, ხელოვნური ინტელექტი კი მას ვიზუალურ მხარეს სძენს და სიზმრის ფსიქოლოგიურ ანალიზსაც გთავაზობთ“, - აღნიშნა გიორგი ბუკიამ.

მისივე განმარტებით, ახალი სოციალური ქსელის პოტენციური მომხმარებელი იქნება ყველა, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უოცნებია, რომ საკუთარი სიზმარი გაეცოცხლებინა.

რაც მთავარია სიზმრების ქართული სოციალური ქსელი, ქვეყნის ფარგლებსაც გასცდება და ის, საწყის ეტაპზე, აზიურ ქვეყნებში შევა. „აზიური ბაზრები ძალიან ახლოსაა სიზმრებთან და შინაგან სამყაროსთან. ამიტომ, თავდაპირველად გვინდა, რომ ჩინეთის, ინდოეთის და იაპონიის ბაზრებზე მოვსინჯოთ ძალა“, - აღნიშნა გიორგი ბუკიამ.

მისივე თქმით, გლობალურ ბაზრებზე მათ მხოლოდ 1 კონკურენტი ჰყავთ, ისიც სიზმრების მხოლოდ ტექსტურ ანალიზს ახდენს და არა ვიზუალიზაციას, შესაბამისად, ამ ტიპის სოციალურ ქსელს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს.

ცნობისთვის, სიზმრების მოყვარულები სწორედ მათთვის შექმნილი სოციალური ქსელით სარგებლობას და საკუთარი სიზმრებისთვის თვალის მიდევნებას, დაახლოებით, 1 წელში შეძლებენ. 3 თვეში კი სოციალური ქსელი სატესტო რეჟიმში გაეშვება და Dreamy-ის ხუთკაციანი გუნდი ეცდება, რომ პროდუქტი კიდევ უფრო დახვეწოს და საინტერესო გახადოს.

გამოგვყევით